ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილის მფლობელებისთვის ჯარიმის ზრდა იგეგმება. ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა „საქმის კურსში“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე ინიცირების პროცესშია.
„ავტომფლობელი მოტივირებული უნდა იყოს, რომ მივიდეს ტექინსპექტირების ცენტრში და ავტომობილი ტექინსპექტირებაზე გაატაროს, ვიდრე გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდებოდეს. ამისათვის აუცილებელია ჯარიმების ოდენობა გაიზარდოს. ამის თაობაზე კანონპროექტი ინიცირების პროცესშია და ვფიქრობთ, საშემოდგომო სესიაზე გავა პარლამენტში“,- განაცხადა მან.
მისივე თქმით, ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ტექინსპექტირების ცენტრებში დაბალი მიმართვიანობაა, რაც ასევე აღსრულების მექანიზმთან არის დაკავშირებული.
"აუცილებელია კამერები ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურად იყოს ჩართული. პრობლემა ისაა, რომ მუდმივ რეჟიმში არ არის ეს კამერები ჩართული, რაც ხშირად ტექნიკური გაუმართაობითაა გამოწვეული. ტექინსპექტირების ცენტრებში დაბალია მომართვიანობა, ესეც პრობლემაა, რადგან სათანადო დონეზე აღსრულება არ ხდება. რეალურად ის მივიღეთ, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის ნახევარი გადის ტექინსპექტირებას", - ამბობს გიორგი შიოლაშვილი.