„ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონის პროექტით დაინიციირებული ცვლილებები კიდევ უფრო გააფართოვა და კომიტეტებზე მოსმენების შემდეგ კანონის პროექტს პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი 83 ხმით დაუჭირა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის ცნება. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია გრანტად იქნება მიჩნეული. ასევე, გარკვეული ტექნიკური დაზუსტებებია გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც, რომელიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს და აგრეთვე, ზუსტდება გრანტის გამცემის სუბიექტების ნუსხა.
„13. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე, ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის მისაღწევად, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დონორის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპეტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით“, - წერია კანონის პროექტში.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ინიციირებული ვერსიის მიხედვით, ცვლილება შეეხებოდა მხოლოდ იმ ნაწილს, რომ მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+)-ები. „გრანტების შესახებ“ ინიცირებული ცვლილებების კანონის პროექტის მხარდაჭერილ ვარიანტში კი ახლა უკვე ასევე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და 2 საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) პროგრამებს ვხვდებით, რომლის, ფარგლებში გაცემულ გრანტებიც მთავრობის ნებართვებს აღარ დაექვემდებარება.
„გრანტების შესახებ“ კანონში აპრილში შეტანილი ცვლილების თანახმად, უცხოურ გრანტებზე შემოღებულ იქნა მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის გაცემის მექანიზმი, რითაც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის კიდევ უფრო მეტად ქმედითი სამართლებრივი გარანტიები იქნა რეგლამენტირებული. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, პრაქტიკაში გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რაც დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, რათა შესაბამისი პროცესების წარმართა და ადმინისტრირება უფრო მეტად მოქნილი და ეფექტიანი გახდეს. კერძოდ, იდენტიფიცირებულია რამდენიმე პროგრამა, რომლის ფარგლებში გაცემული გრანტები თავისი არსით ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისათვის და ამდენად, ისინი შეიძლება არ დაექვემდებარონ თანხმობის გაცემის სამართლებრივ რეჟიმს, მით უმეტეს, არსებული ნორმატიული მოწესრიგებითაც დაშვებულია გარკვეული გამონაკლისები, მათ შორის, საგანმანათლებლო - სამეცნიერო სფეროზე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.