ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე "რადიო თავისუფლებას" ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) შეერთებაზე გუშინ გაიგო.
"რა თქმა უნდა, კონსულტაციები იყო და ვისაუბრეთ ამაზე. დღევანდელი ხელისუფლება არ ჰგავს [მიხეილ] სააკაშვილს და გვექნება კონსულტაციები აკადემიურ საბჭოსთან, ფაკულტეტებთან და ერთად ვიმსჯელებთ", - ამბობს გურგენიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იქნება ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს გადაწყვეტილება მოგებიანი, გურგენიძე პასუხობს, რომ როგორი ტექნოლოგიური სკოლა იქნება ამ გაერთიანებაში, ამაზე არ ყოფილა ჯერ მსჯელობა. "როცა ერთად გავივლით ბატონ მინისტრთან, მოვახსენებ ამას ჩემს აკადემიურ საბჭოს, ფაკულტეტების საბჭოს. წყნარად იქნება [გადაწყვეტილება] მიღებული, ყოველგვარი ექსცესების გარეშე".
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ასევე ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ერთი წელია მიმდინარეობს, თუმცა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მხოლოდ გუშინ გაიგო: "ერთი წელია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის გუშინ გახდა ცნობილი".
ცნობისთვის, დღეს, 29 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.




























