მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლად დასაქმება პროფესიული განათლების მქონე პირებსაც შეეძლებათ, ხოლო მასწავლებლობის მაძიებლებისთვის საგნობრივი კომპეტენციის წინასწარ დადასტურება სავალდებულო ხდება.
ამას განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის მიზანიც სამინისტროს განცხადებით, სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვაა.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) სწავლების უფლება მხოლოდ ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს ჰქონდათ. ცვლილებით დეფიციტის დასაძლევად, სკოლებში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებსაც. მათთვის სავალდებულო იქნება მასწავლებლობის მაძიებლობის ან მომზადების პროგრამის გავლა.
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან იმ პრაქტიკოსმა სპეციალურმა მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, სისტემა დატოვეს, რამაც განსაკუთრებით მაღალმთიან და შორეულ სოფლებში კადრების დეფიციტი შექმნა. რისკების თავიდან ასაცილებლად, შემოდის „შემცვლელი სპეციალური მასწავლებლის“ სტატუსი. სკოლებს უფლება ეძლევათ, ძირითადი კადრის შერჩევამდე ან დროებით არმყოფი თანამშრომლის პერიოდში, გააფორმონ დროებითი ხელშეკრულება, რათა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს სასწავლო პროცესი არ შეუფერხდეთ.
"ცვლილებით მასწავლებლობის მაძიებლად შესაძლებელი იქნება იმ პირის დასაქმებაც, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი, ასევე ემატება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული ცვლილების მიზანია დღეს არსებული პრაქტიკის იმ ხარვეზის აღმოფხვრა, როცა მასწავლებლობის მაძიებლად კონკრეტული საგნის მიმართულებით საქმდებიან პირები, რომლებსაც არ აქვთ ამ საგნის შესაბამისი სპეციალობა და არც ვალდებულება, პროგრამაში ჩართვამდე გამოცდის ჩაბარებით დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია.
წარმოდგენილი ცვლილებით, ჩნდება მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის ალტერნატიული გზები და პირობები და განისაზღვრება თუ რა შემთხვევაში მოუწევს პირს გამოცდის ჩაბარება პროგრამაში ჩართვამდე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოცდის ჩაბარება მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და აღნიშნულისგან არ თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც გამოცდის ჩაბარების წინაპირობის გარეშე ჩაერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის ალტერნატიული გზების გაჩენა ხელს შეუწყობს მასწავლებლების დეფიციტის კვალიფიციური კადრებით შევსებას.
სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც. აღნიშნული ხელს შეუწყობს სპეციალური მასწავლებლების არსებული დეფიციტის აღმოფხვრას.
ახალი რედაქციით შესაძლებელი გახდება ტექნოლოგიების მიმართულებით სკოლაში მასწავლებლად დასაქმება შეძლოს იმ პირმაც, რომელსაც ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით აქვს პროფესიული განათლება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების არსებული დეფიციტის აღმოფხვრას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სკოლაში დასაქმების მიზნით, მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და ჩაბარებული იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სკოლაში ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიმართულების კვალიფიციური მასწავლებლებით შევსებას", - წერია განმარტებით ბარათში.
მთავრობა კანონპროექტის განხილვას პარლამენტში დაჩქარებული წესით ითხოვს. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, 2026-2027 სასწავლო წლიდან მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი წესი შედის ძალაში, რამაც შესაძლოა ვაკანსიების დამატებითი ზრდა გამოიწვიოს. ცვლილებების დროული მიღება კი სკოლებს საშუალებას მისცემს, სასწავლო წლის დაწყებამდე შეავსონ არსებული ვაკანსიები.




























