მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტერასა ჯგუფი”: 2019 წლიდან თბილისში პროექტებზე ფასების 18%-ით გაზრდა მოგვიწია

620134f3d16b0
ლიკა გურაბანიძე
07.02.22 22:22
711
სამშენებლო და დეველოპერული კომპანია “ტერასა ჯგუფში” 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით შემოსავლები 57%-ით გაიზარდა. 2019 წელს თუ გაყიდული ბინების ღირებულება 14 მლნ 151 ათასი დოლარი იყო, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 22 მლნ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება 2021 წელს, კომპანიის კომერციული დირექტორი თაკო გაფრინდაშვილი bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გასულ წელს 2020-ის მაჩვენებლის შენარჩუნება შეძლეს.

“პანდემიის დროს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ამის მიზეზი კი არის ის, რომ უძრავი ქონება ყველაზე ნაკლებ რისკიანი და სანდო ინვესტიციაა. ამასთან, ჩვენ მიმდინარე სამშენებლო პროექტები არ შეგვიფერხებია”, - განაცხადა “ტერასა ჯგუფის” კომერციულმა დირექტორმა.

თაკო გაფრინდაშვილის თქმითვე, ბოლო ორი წლის განმავლობაში კონკრეტულად თბილისის პროექტებზე ფასების ზრდა ჯამში 18%-ით მოუხდათ.

“სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდა, პროექტების საბაზრო და სარეალიზაციო ფასზეც აისახა. ფასების მატება გარდაუვალი იყო. თუმცა, მხოლოდ სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ფასები არ განსაზღვრავს ჩვენს საფასო პოლიტიკას. ფასების კორექტირებაზე 2019 წლიდან შეცვლილმა დადგენილებებმა და გამკაცრებულმა სანებართვო მოთხოვნებმაც იმოქმედა.

ფასის ზრდა ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდა და დრამატული მყისიერი მატება არ გვქონია. თუმცა, დღეს უკვე საკმაოდ დიდი სხვაობა მივიღეთ", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, TBC Capital-ის განახლებული მონაცემებით, 2022 წლის 1-27 იანვრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა სტაბილურია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32%-ით აჭარბებს. ამასთან, 1-23 იანვრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 59%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები