მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თერჯოლაში 45 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგური მოეწყობა - ინვესტორი პროექტის დეტალებზე

ვინდ ენერჯი გრუპი

"ვინდ ენერჯი გრუპი“ "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დირექტორმა გიორგი შუკაკიძემ განუცხადა.

45-მეგავატიანი დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის პროექტზე კომპანიასა და "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ შეთანხმებას ხელი გასული წლის დეკემბერში მოეწერა და ერთობლივი კომპანია "ქუთაისი ენერჯი" დაფუძნდა. „მხარეების მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო თერჯოლის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მწვანე ენერგიის მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სრული ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევის განხორციელება, რის საფუძველზეც მოხდება პროექტის შემდგომი განვითარება“, - აღნიშნული იყო იმ პერიოდისთვის ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

"ვინდ ენერჯი გრუპ"-ის დირექტორმა გიორგი შუკაკიძემ BM.GE-სთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ქარის სადგურის მოწყობის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ დოლარი იყო. პროექტის განხორციელებისთვის კომპანია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ CFD-აუქციონში იღებდა მონაწილეობას, თუმცა ქარის სადგურების განხორციელებისთვის აუქციონში იმაზე დაბალი ტარიფი დაჯდა, ვიდრე ინვესტორებს ჰქონდათ გაანგარიშებული და აუქციონზე წარდგენილი.

„ჩვენი წარდგენილი ფასის ქვედა ზღვარი იყო 6.8 ცენტი და მედიანური ტარიფი ქარის სადგურების შემთხვევაში 6 ცენტი დაჯდა. ამიტომ ჩვენ პროექტის ფინანსური მაჩვენებლების გადახედვა მოგვიწევს. პროექტის გაკეთება მაღალი ტექნოლოგიებით გვინდოდა, ეს ტარიფი კი მხოლოდ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ცოტა უფრო დაბალი დონის ტექნოლოგიით განვახორციელოთ პროექტი.

ამასთან, ჩვენ ამ პროცესში განხორციელების ვადები გვიხანგრძლივდება და რისკების საკუთარ თავზე აღება მოგვიწევს. აუქციონის შედეგად დამჯდარი ტარიფის შედეგად პროექტის ფინანსური მაჩვენებლების გადახედვა მოგვიწევს“, - აღნიშნა შუკაკიძემ და დაამატა: „ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 60 მლნ დოლარის ინვესტირება მოგვიხდებოდა, თუმცა ამ მედიანური ტარიფით, პროექტის ფინანსურ პარამეტრებს ვერ დავაკმაყოფილებთ. მაქსიმალურად გადავხედავთ პროექტის ფინანსურ მაჩვენებლებს და მის ღირებულებას ალბათ, 5 მლნ დოლარით შევამცირებთ“.

გიორგი შუკაკიძე 45-მეგავატიანი ქარის სადგურის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისთვის შეთანხმების გაფორმების შემდეგ 1-წლიანი დაკვირვებაა საჭირო, რომელიც ფრინველებსა და გარემოზე შეფასების საშუალებას მისცემთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოწყობის სამუშაოების დაწყება, შესაბამისად მისი შესრულებისთვის ჯამში 3-წლიანი პერიოდია საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები