"პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი", - ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ეს განცხადება ბევრმა პოპულისტურად აღიქვა. მათ შორის ეკონომიკის მინისტრს ტერმინოლოგიას უწუნებს „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილიც. როგორც ის განმარტავს, მხოლოდ ადგილობრივ წარმოებაზე ორიენტირება არასწორია, თუმცა უდაოა, რომ ქართველ მწარმოებლებს სჭირდებათ ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაც არამც და არამც არ გულისხმობს იმპორტის შემზღუდავი პოლიტიკის გატარებას.
„საქართველოს საკმაოდ რთული და გრძელი გზა ექნება გასავლელი. მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, უბრალოდ შეუძლებელია, ყველაფერში ჩავანაცვლოთ იმპორტი.
ერთი გვინდა, მეორე არ გვინდა! მოდი ერთი გავაძევოთ... ასეთი უხეში დამოკიდებულება და ხისტი პოლიტიკა მგონი არ გამოგვადგება. იმპორტს თავისი როლი აქვს, თავისი ადგილი აქვს და დღეს გამოჩნდა, რომ იმპორტმა გადაგვარჩინა მაინც, თუმცა, ასევე დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარს დავუჭიროთ მხარი.
სიმართლე გითხრათ, ტერმინოლოგია „იმპორტის ჩამნაცვლებელი“, ეს არის ცოტა საარჩევნო, პოპულისტური. აბსოლუტურად არცერთი ქვეყანა ასეთ ლოზუნგებს ჩემი აზრით, არ მიმართავს. იმპორტს თავისი როლი აქვს. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც თვითუზრუნველყოფა არის 100%, იქაც კი არის იმპორტი.
ეს არის ლიბერალური ბაზარი. ეს არის ჯანსაღი ბაზარი. მე ვფიქრობ, ეს ტერმინოლოგია არასწორად იყო დაყენებული. აქ თუ ლაპარაკია ადგილობრივი ბაზრის დაცვით მექანიზმებზე, ევროკავშირიც მოგვიწოდებს-დაიცავით თქვენი მეწარმე დემპინგური არაჯანსაღი პროდუქციისგან.
სწორედ ამას მოვუწოდებდით, დაიცავით საკანონმდებლო დონეზე ჩვენი მეწარმე და არამც და არამც შევზღუდოთ იმპორტი. არამც და არამც მიწები ჩავკეტოთ ყველასთვის და ა.შ რადიკალური პოლიტიკა არ არის აქ საჭირო. საჭიროა დავიცვათ ჩვენი მეწარმე არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში“, - აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო, მათ შორის საქართველო რთული გამოწვევის წინაშე დგას, გიგაშვილი თვლის, რომ ჩვენც მოგვიწევს პრიორიტეტების ხელახლა დალაგება.
„ძალიან ბევრი ეკონომიკები, სისტემები თავდაყირა დადგა. დღეს ჩვენც დავდექით ამის წინაშე და ამიტომ მოგვიწევს გარკვეული საკითხების გადახედვა, ჩანაცვლება, პრიორიტეტების ხელახლა დალაგება, რამდენად სწორად ვიყავით პრიორიტეტებში და ახლა რა უნდა გავაკეთოთ. მთავარია მომავალში არ შევცდეთ და სწორად დავალაგოთ ჩვენი პრიორიტეტები.
ალბათ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის კუთხით სამოქმედო გეგმები საერთოდ გადასახედი იქნება და ჩასანაცვლებელი, მაგრამ ეს უნდა იყოს ბიზნესთან კოლაბორაციაში. ბიზნესსაც უნდა ვკითხოთ რამდენად მზად არიან ამ გამოწვევისთვის, აიღონ თავიანთ თავზე იმიტომ, რომ დღეს ბიზნესი რაღაცაში არის მზად და რაღაცაში არა. ამიტომ სახელმწიფომ არ უნდა შეიქმნას დიდი ილუზიები ამასთან დაკავშირებით. უნდა ვიყოთ რეალისტები. დეფინიცია იმპორტის ჩამნაცვლებელი პოლიტიკა ეს უკვე საფუძველშივე არასწორია. ამაში ალბათ ეკონომისტებიც დამეთანხმებიან, რომ ეს არ არის სწორი. აქ მოსაფიქრებელია, უბრალოდ, ადგილობრივი ბაზრის მხარდამჭერი პოლიტიკა, რომელიც აქვთ ქვეყნებს და ჩვენც უნდა გაგვაჩნდეს“, - განმარტავს „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი.