მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla 120 ათას ავტომობილს უკან იწვევს... მზის პანელებზე მომუშავე სატვირთოები - კვირის მთავარი ავტოსიახლეები

BMGAUTI

Tesla 120 ათას ავტომობილს უკან იწვევს


ავტომწარმოებელი Tesla 120 000 გაყიდულ ავტომობილს უკან იწვევს - მიზეზი სავარაუდოდ წუნდებული კარებია, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებს.

ავტომაგისტრალის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ Tesla-ს ავტომობილების კარები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, შესაძლოა თავისუფლად გაიხსნას, რაც მგზავრის დაშავების რისკებს ზრდის.

ავტომობილები, რომლებსაც კომპანია უკან დაიბრუნებს Tesla Model S და Model X არიან, რომლებიც 2021-23 წლებში გამოვიდა. Tesla აცხადებს, რომ ამ დროის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით დაზიანების შემთხვევების შესახებ კომპანიისთვის ცნობილი არ არის.


TESLA საუდის არაბეთში ქარხნის აშენებას განიხილავს

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანია Tesla საუდის არაბეთში ელექტრომობილების ახალი ქარხნის აშენების ინიციატივას განიხილავს. როგორც ირკვევა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებსა და საუდის არაბეთის მთავრობას შორის, რათა ამბიციური გეგმა რაც შეიძლება მალე იქცეს რეალობად.

მართალია, მოლაპარაკების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა საუდის არაბეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ამერიკული კომპანიისთვის გარკვეული შეთავაზება იქნა გაგზავნილი და ის მოიცავდა როგორც სუბსიდიებს, ასევე საგადასახადო შეღავათებს და სხვა უპირატესობებს.

საუდის არაბეთის ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის არასანავთობო სექტორების დივერსიფიკაციის პოლიტიკას უკავშირდება, რომელსაც ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი სახელმწიფო უკვე წლებია, რაც მისდევს.

აღნიშნული სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს ელექტრომობილების ადგილობრივი წარმოების ინდუსტრიის შექმნა წარმოადგენს, რისთვისაც, ამ დრომდე, საუდის არაბეთმა ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Lucid-ის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა.

Xiaomi vs ჩინური მედია - რა მოცულობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ ჟურნალისტებს?


სამი მილიონი იუანი, ეს არის ჯარიმის მოცულობა, რომლის გადახდაც შესაძლოა ჩინელ ჟურნალისტებს მოუწიოს, Xiaomi SU7-ის გაჟონილი ფოტოებისთვის. დღევანდელი გაცვლითი კურსით, 3 მილიონი იუანი, 420 015 დოლარია.

ჩინური კომპანია მედიას ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან დახურული ფოტოსესიიდან, ავტომობილის სურათები ინტერნეტში მოხვდა. ფოტოები CarNewsChina-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

რაც შეეხება თავად ავტომობილს, სმარტფონების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის პირველი ელექტრომობილის შექმნაზე 3,4 ათასი ინჟინერი მუშაობდა და პროექტში კომპანიამ 1,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. Xiaomi SU7 ოთხკარიანი სედანია სპორტული დიზაინით.
ელექტრომობილის ორი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. ერთძრავიანი უკანა ამძრავით, რომელიც 300 ცხ.ძ. აერთიანებს და ორძრავიანი სრული ამძრავით, 673 ცხ.ძ.-ით. უმაღლესი კომპლექტაციის Xiaomi SU7-ის ენერგიის რეზერვი 750-800 კილომეტრია. SU7-ის გაყიდვები 2024 წლის თებერვალში დაიწყება.

შვედი ავტომწარმოებელი მზის პანელებზე მომუშავე სატვირთოებს ტესტავს


ევროპის სატრანსპორტო სექტორი კონტინენტის ნახშირბადის ემისიების 25%-ზეა პასუხისმგებელი, დიდ გაბარიტიანი სატვირთო ავტომობილები კი საავტომობილო ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სურსათისა და სხვა ტვირთის გადაზიდვის შეზღუდვა წარმოუდგენელია, რადგან ამ პროცესს საკვებისა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტამდე მივყავართ.
შვედურმა ავტომწარმოებელმა “Scania” ამ გამოწვევის საპასუხოდ რამდენიმე გზას განიხილავს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი Euronews-თან აღნიშნავს, ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ტრადიციული, შიდა წვის ძრავზე მომუშავე სატვირთოების ჩანაცვლებაა შესაძლებელი, მზის ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტია.

ერიკ ფალკგრიმის თქმით, უკვე არსებობს ელექტროსატვირთოები, რომელთა წარმოებაც 10-15 წლის წინ ზედმეტად ძვირი ჯდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ბევრისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. Scania-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მზის ენერგიაც დროთა განმავლობაში უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი ხდება, რის გამოც კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას იწყებს. მზის ჰიბრიდული სატვირთოები შვედეთში ტესტირებას ამ მომენტშიც გადის და ეს პროცესი 2024 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

კანადაში 2035 წლისთვის ყველა ახალი ავტომობილი ელექტრო იქნება


კანადის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც 2035 წლიდან თითოეული ახალი ავტომობილი, რომელიც ქვეყანაში გაიყიდება, ნულოვან ემისიას უნდა გამოიმუშავებდნენ - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

“ელექტრომობილების ხელმისაწვდომობის სტანდარტის” კანონის მიზანი კანადურ ბაზარზე ელექტრომობილების მარაგის შევსება და მათ შესაძენად მოლოდინის დროის შემცირებაა. კანადურ პროვინციებში, ბრიტანეთის კოლუმბიასა და კვებეკში, მსგავსი რეგულაციები უკვე ამოქმედებულია.
რეგულაციების თანახმად, ნულოვანი ემისიის მქონე, ელექტრო ბატარეებსა და წყალბადზე მომუშავე მოდელებმა, ახალი ავტომობილების გაყიდვებში 2026 წელს 20%-იანი წილი უნდა დაიკავოს, 2030-ში - 60%-იანი, 2035 წლისთვის კი - 100%-იანი წილი.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ავტომობილების გაყიდვებში ელექტრომობილებს 13%-იანი წილი უჭირავს, რაც ათწლეულის ბოლომდე, სავარაუდოდ, 45%-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები