მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, Tesla-მ, დიდი ხნის წინ დაანონსებული იაფიანი ელექტრომობილების წარმოება შეაჩერა - ინფორმაციას Reuters-ს სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს.
ინვესტორთა პროგნოზი, რომ ხელმისაწვდომი ელექტრომობილები Tesla-ს ფართო მოხმარების ავტომწარმოებლად აქცევდა, აღარ შესრულდება. წყაროს ინფორმაციით, ამის ნაცვლად, კომპანია “რობოტი ტაქსების” დახვეწაში ჩადებს რესურსს.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის, იმ გეგმიდან გადახვევაა, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა ჯერ კიდევ 2006 წელს გააჟღერა. მაშინ Tesla-ს დამფუძნებელი აღნიშნავდა, რომ კომპანია ძვირად ღირებული, “ლაქშერი” მოდელების წარმოებას დაიწყებდა, საიდანაც შემოსავალი კი იაფიანი ელექტრომობილების წარმოებას მოხმარდებოდა.
მას შემდეგ ილონ მასკი მომხმარებლებსა და ინვესტორებს არაერთხელ დაჰპირდა, რომ ხელმისაწვდომი მოდელების წარმოებას კვლავ აპირებდა. მიმდინარე წლის იანვარში კი წარმოების დაწყების თარიღად 2025 წლის მეორე ნახევარი გამოაცხადა.
ამჟამად, Tesla-ს ყველაზე დაბალ ფასიანი მოდელი Model 3-ია და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინიმუმ, $39 000-დაა შეფასებული, ხელმისაწვდომი ელექტრომობილის ფასები კი, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, $25 000-დან უნდა დაწყებულიყო.
თავად ილონ მასკი Reuters-ით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. X პლატფორმაზე ბიზნესმენმა ბრიტანულ გამოცემას “ტვიტიც” მიუძღვნა: “Reuters-ი იტყუება(ისევ)”.