მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს როდსტერის პროექტი კვლავ გადაიდო, შუმახერის ბოლიდი აუქციონზე - კვირის მთავარი ავტო სიახლეები

FERRARI 248

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Tesla-ს როდსტერის პროექტი კვლავ გადაიდო

ილონ მასკმა კიდევ ერთხელ გადადო სერიული Tesla როდსტერის პროექტი. უმსხვილესი ავტომწარმოებლის როდსტერის კონცეპტი 2023 წელს წარადგინეს და შეკვეთების მიღებაც დააანონსეს, თუმცა წარმოების დაწყების ტარიღი ცნობილი არ იყო. იმ დროისთვის Tesla-ში ფიქრობდნენ, რომ სერიული წარმოება 2024 წელს დაიწყებოდა, თუმცა მიმდინარე წელიც იწურება და ახალი მოდელი არ ჩანს. კომპანიის აქციონერების ბოლო შეხვედრაზე, ილონ მასკმა თქვა, რომ გეგმები უნდა გადაიხედოს, მისვე თქმით Tesla -ს როდსტერი არ არის ალუბალი ტორტზე, ის უფრო მეტია. ცოტა წარსულისკენ გავიხედოთ, როცა Tesla-ს ვებგვერდზე ორკარიანი, ელექტრო როდსტერის შეკვეთის ფორმა გამოჩნდა. მსურველებს 5 ათასი დოლარი გადახდა შეეძლოთ ჯავშნის გასაკეთებლად, სიახლის ფასი კი ჯამში 45 ათასი დოლარი იყო. თუმცა დღეს კომპანიას სხვა პრიორიტეტები აქვს, როგორც მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს. ბოლო ცნობებით, როდსტერის წარმოება შესაძლოა 2025 წელს დაიწყოს, თუმცა არც ეს არის დადასტურებულად ცნობილი. მოკლედ ამ სიახლის მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია.
ინფორმაციისთვის, როდესაც ტესლამ როდსტერის კონცეპტი წარადგინა, ტექნიკურ მახასიათებლებზე გაჩნდა ინფორმაცია. არსებული ცნობებით მას ერთი სრული დამუხტვით 1000 კილომეტრის გავლა შეეძლებოდა.

KIA Sportage - 2025 წლის მოდელის პირველი ფოტოები

კიამ განახლებული Sportage-ის ფოტოები პირველად გაასაჯაროვა. ამჟამინდელი მოდელი 2021 წლიდან იწარმოება, ამიტომ გეგმური განახლების დრო იყო.
ჩაბნელებული ფოტოებიდან და ვიდეოს ფრაგმენტიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Kia Sportage მიიღებს განსხვავებულ ფარებს, ასევე შეიცვლება რადიატორის ცხაურა, ბამპერი და სხვა დეტალები. სავარაუდოა, რომ ქროსოვერი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის ინტერიერის მიმართულებითაც.
Kia არ მალავს, რომ განახლებული Sportage-ის ზომები არ შეივლება და ინტერიერის დეტალები, ძირითადად მულტიმედია სისტემა ბიზნესს სედანიდან, K5 -დან იქნება შთაგონებული. ტექნიკურ მახასიათებლებზე ინფორმაცია აქ გვაქვს, თუმცა ამ მოდელის დიაპაზონი საკმაოდ მრავალფეროვანია. ხელმისაწვდომია 2.0 ან 2.5 ლიტრიანი ბენზინის ძრავები, 1.5, 1.6 ან 2.0 ლიტრიანი ტურბო ძრავები, ასევე CRDi ხაზის 1.6 და 2.0 ტურბოდიზელები. არსებობს ორი ჰიბრიდული ვერსიაც. განახლებული Kia Sportage-ი თავდაპირველად სამხრეთ კორეის ბაზარზე გამოჩნდება, ამა წლის ნოემბრიდან.

Honda 720 000-ზე მეტ ყველაზე გაყიდვად მოდელს უკან გაიწვევს

Honda-მ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 98 ერთეული CR-V უკან გაიწვია. იაპონურმა ავტომწარმოებელმა რამდენიმე დღის წინ ავტომობილების უკან გაწვევის კიდევ ერთი ეტაპი დააანონსა, თუმცა როგორც ჩანს, პრობლემა ამ შემთხვევაში უფრო სერიოზული და მასშტაბურია.
Honda-ს გადაწყვეტილება ავტომწარმოებლის 720 000-ზე მეტ ყველაზე გაყიდვად მოდელს, მათ შორის CR-V-საც შეეხება. კომპანიის ინფორმაციით, ამ მოდელებში გაუმართავი საწვავის ტუმბოების არსებობამ, შესაძლოა ხანძრის პოტენციური საფრთხე წარმოქმნას.
Honda-ს ინჟინრებმა დეფექტი Hitachi-ს მიერ წარმოებულ მაღალი წნევის საწვავის ტუმბოებში აღმოაჩინეს. მათივე შეფასებით, ტუმბოები არასწორადაა დამზადებული, რაც ბზარების გაჩენისა და საწვავის გაჟონვის საფრთხეს აჩენს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, პირველი საგარანტიო მოთხოვნა Honda-მ 2023 წლის თებერვალში მიიღო, რის შემდეგაც, მომხმარებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა.
ამ ეტაპზე, Honda-ს დაზიანებული საწვავის ტუმბოს შესახებ 143-მა მომხმარებელმა აცნობა. აღსანიშნავია, რომ დეფექტის გამო, ხანძრის გაჩენის ან მძღოლთა დაზიანების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
Honda-ს მიერ დაანონსებული უკან გაწვევის ახალი ეტაპი, როგორც გითხარით, 720 810 ავტომობილს შეეხება. მათ შორის 2023-24 წლების Accord-ის, 2025 წლის Civic-ისა და 2023-25 წლების CR-V-ის მოდელებს. სამივე მოდელის შემთხვევაში, ავტომწარმოებელმა უკან გაიწვია, როგორც მხოლოდ საწვავზე მომუშავე, ასევე ჰიბრიდი ვერსიები. ავტომობილების უკან გაწვევის პროცესს Honda დეკემბრიდან დაიწყებს.

სექტემბერში მსოფლიოს მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვები შემცირდა

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვები დაეცა. როგორც Autostat იუწყება GlobalData-ს მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის სექტემბერში მსოფლიოში 7,547,056 ახალი, მსუბუქი და მსუბუქი კომერციული მანქანა გაიყიდა.
ეს მაჩვენებელი 3,6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით. სექტემბერში გაყიდვების მოცულობით ლიდერი ჩინეთი იყო 2 287 735 მანქანით. შედარებისთვის, სექტემბერში შეერთებულ შტატებში 1 180 352 ავტომობილი გაიყიდა. უფრო დეტალურად, მსოფლიოს ორ უმსხვილეს ბაზარზე სექტემბერში გაყიდვების კლება დაფიქსირდა: ჩინეთში 5,2 პროცენტით 2023 წლის შემოდგომის დასაწყისთან შედარებით, ხოლო შეერთებულ შტატებში 12 პროცენტით. დასავლეთ ევროპაში სექტემბერში 1 175 156 ავტომობილი გაიყიდა და ეს ასევე ნაკლებია წინა წელთან შედარებით - 4,1 პროცენტით. მზარდია გაყიდვები აღმოსავლეთ ევროპაში, 10,2%-ით, თუმცა ეს ზრდა საერთო სურათს არ ცვლის.
რაც შეეხება სხვა მსოფლიო ბაზრებს, სექტემბერში სამხრეთ ამერიკაში გაიყიდა 263 567 ავტომობილი, რაც 20,3 პროცენტით მეტია გასული წლის სექტემბერთან შედარებით, იაპონიაში - 434 663 ერთეული, კანადაში - 155 116 ერთეული (-0,9 პროცენტი), ხოლო სამხრეთ კორეაში - 128 389. ერთეული (-2,3 პროცენტი) გაიყიდა. მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში გლობალური ბაზრის მოცულობამ მიაღწია 63,766,366 ავტომობილს.


შუმახერის ბოლო Ferrari-ის ბოლიდი აუქციონზე იყიდება

ამ ბოლიდით შუმახერმა ხუთი რბოლა მოიგო და სენას „პოლ-პოზიციის“ რეკორდიც მოხსნა, დღეს კი Formula 1-ის ბოლიდის ყიდვის შესაძლებლობა, ნებისმიერ მსურველს აქვს, ნებისმიერს ვისაც ამის ფინანსური რესურსი აქვს.
ლეგენდარული მრბოლელის ბოლიდი გასაყიდად Sotheby's-ის აუქციონზე გამოჩნდა. ეს ბოლიდი, Ferrari-ის გუნდისთვის გერმანელი პილოტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარბოლო მანქანაა. 2006 წლის Ferrari 248, შასი no. 254, რომელმაც შუმახერს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული გრან-პრები. 2006 წლის ბოლიდით, შუმახერმა სენას „პოლ-პოზიციის“ რეკორდიც მოხსნა.
უნდა ითქვას ისიც, რომ 248, Ferrari-სთვის 1964 წლის შემდეგ პირველი F1-ის ბოლიდი იყო, რომელიც V8-ით აღიჭურვა. მანქანა ქარხნულად 730 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, თუმცა სეზონის ბოლოსკენ, სხვადასხვა განახლებებით, ბოლიდის სიმძლავრე 785 ცხენის ძალამდე გაიზარდა.
ამჟამინდელმა მფლობელმა მანქანა Ferrari-ს გუნდისგან 2007 წლის დეკემბერში შეიძინა. ხოლო 2008 წელს, Ferrari Classiche Red Book-ის სერტიფიკატიც მიიღო, რომლითაც დასტურდება, რომ მანქანის ყველა ნაწილი ქარხნულია და შესაბამისი ნომრებიც აქვთ. Sotheby's-ზე შუმახერის მანქანის გასაყიდი ფასი მითითებული არაა. აუქციონი 14 ნოემბერს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები