მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla სატვირთო ელექტრომობილ Semi-ს წარმოებაში ჩაშვებისთვის ემზადება

Tesla Semi

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია Tesla-მ სატვირთო ელექტრომობილის, Semi-ს წარმოებაში ჩაშვება დააანონსა. არსებული ინფორმაციით, პირველი მოდელები გასაყიდად მზად 2026 წლის მე-2 კვარტალში იქნება. ჯერ კიდევ 2017 წელს დაანონსებული ტრანსპორტი ერთ ადამიანზე იქნება გათვლილი, თუმცა სანაცვლოდ მძღოლს 180-გრადუსიანი ხედვის არეალს შესთავაზებს. ის სამძრავიანი სისტემით იქნება აღჭურვილი და ერთ დამუხტვაზე 800 კილომეტრის გავლას შეძლებს. რაც შეეხება აჩქარებს, ის 100კმ/სთ სიჩქარის განვითარებას 20 წამში შეძლებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სრულად, 37 ტონით იქნება დატვირთული. არსებული ინფორმაციით, მისი ფასი $180,000 დოლარი იქნება და იქნება აღჭურვილი ყველა იმ ტექნოლოგიური მოწყობილობით, რასაც Tesla სხვა ტიპის ტრანსპორტში დებს. პირველ ეტაპზე Tesla 1,400 Semi-ს გამოშვებას გეგმავს. სავარაუდოა, რომ სწორედ პირველი პარტიის გაყიდვების მოცულობა გადაწყვეტს, რამდენად წარმატებული იქნება მასკის უნიკალური ტრანსპორტი.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის პროექტს ანალიტიკოსების დიდი ნაწილი სკეპტიციზმით ხვდება. მილიარდერი ჯერ კიდევ 2017 წლიდან აანონსებდა მის გამოშვებას და აცხადებდა, რომ Semi გადაზიდვების ინდუსტრიაში რევოლუციას მოახდენდა. იმას გარდა, რომ სატვირთოს წარმოებაში ჩაშვება თითქმის 10 წლით დაგვიანდა, პრობლემას ქმნის ელექტრომობილების მიმართ საერთაშორისო ინტერესის შემცირებაც. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი მეორე ვადით დონალდ ტრამპი გახდა, ფედერალურმა ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა სუბსიდიები სუფთა ენერგიისთვის. თავისი როლი ითამაშა საწვავზე ფასის კლებამაც, რამაც სატვირთოს მძღოლების ინტერესი კვლავ ტრადიციული ტრანსპორტისაკენ მიმართა. 2017 წლის შემდეგ კომპანიებისთვის ელექტროენერგიის საშუალო ტარიფიც მკვეთრადაა გაზრდილი, რაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მასშტაბების გაზრდითაა განპირობებული. ამის შედეგად, სატვირთო ელექტრომობილები აღარ ითვლებიან ისეთ ტრანსპორტად, რომელიც მათ საოპერაციო ხარჯებს შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები