მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tether-ი საფეხბურთო კლუბ “იუვენტუსის” მეწილე გახდა

Tether

მსოფლიოს უდიდესი სტეიბლკონის, USDT-ის გამომშვებმა კომპანია Tether-მა, რომელიც ციფრული აქტივების ინდუსტრიაში უდიდესი კომპანიაა, საფეხბურთო კლუბ “იუვენტუსის” 5%-იანი წილი იყიდა. “იუვენტუსის” საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $1 მილიარდს აღემატება, რაც ნიშნავს, რომ Tether-ის წილი დაახლოებით $50 მილიონადაა შეფასებული. როგორც Tether-ის გენერალურმა დირექტორმა, პაოლო არდოინომ Reuters-თან განაცხადა, ამ დროისთვის, კომპანია კლუბის მინორიტარულ აქციონერად დარჩება.

Tether-ის ეს გადაწყვეტილება კომპანიის ახალი საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც სტეიბლკოინის გამოშვებით მიღებული ფინანსური სარგებლის სხვადასხვა სფეროში დივერსიფიკაციას მოიაზრებს. ამ დრომდე, Tether-მა არაერთი ინვესტიცია განახორციელა ხელოვნური ინტელექტის, ბიტკოინის მაინინგის, ბიოტექნოლოგიების და განათლების მიმართულებით, უმეტესწილად, განვითარებად ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში. ახლა კი, Tether-ში სურთ, ნოუჰაუ სპორტშიც შეიტანონ.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ბლოკჩეინი პროფესიონალურ სპორტში უკვე გამოიყენება, მაგრამ დღეს, ის უმეტესწილად გულშემატკივრების გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება. Tether-ის მიერ “იუვენტუსში” ჩადებული ინვესტიცია სპორტის და ციფრული აქტივების სინერგიის ახალ საფეხურზე აყვანას ემსახურება. ამ მიზნისთვის, Tether-ი საკონსულტაციო საბჭოს აყალიბებს, რომლის წევრად საფეხბურთო კლუბ “სანდერლენდის” მფლობელი, ხუან სარტორი გაწევრიანდება. Tether-ი შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში ბაზირებულ საფეხბურთო კლუბ “ლუგანოს” სპონსორიცაა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Tether-მა $13 მილიარდის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას 100-მდე თანამშრომელი ჰყავს, ერთ თანამშრომელზე გადათვლით ის მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი, ანუ ეფექტიანი კომპანიაა.

ამ ფულის დიდი ნაწილი, კომპანიის საკუთრებაში არსებულ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე, იგივე T-Bill-ებზე მოდის, ხოლო დარჩენილი ნაწილი კომპანიის რეზერვებში არსებული ოქროს და ბიტკოინის გაძვირებას უკავშირდება. ორივე ეს აქტივი, ბოლო პერიოდში, ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოს ივაჭრება. ისტორიულ მაქსიმუმამდე არის გაზრდილი Tether-ის სტეიბლკოინის, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაციაც, რომელიც ამჟამად, $141 მილიარდს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები