მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, აშშ საქართველოს COVID-19-ის ვაქცინებს გადასცემს

60b9e72cde070
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.21 12:43
2034
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის ვაქცინებს გადასცემს - ამის შესახებ გუშინ საღამოს თეთრი სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გახდა ცნობილი. დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ეს მხარდაჭერა აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობაზე მეტყველებს. 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

მსოფლიოს მასშტაბით, შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს", - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ დანარჩენ მსოფლიოს პირველ ეტაპზე 25 მილიონ დოზა ვაქცინას გადასცემს. აღნიშნული ვაქცინების სულ მცირე 75% COVAX-პლატფორმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანას უნდა მიეწოდოს, ხოლო 25% გადაეცემა პირდაპირ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ვაქცინაცია სჭირდება. 

CNN იტყობინება, რომ დაახლოებით, 6 მლნ დოზა გაიგზავნება საქართველოში, უკრაინაში, კოსოვოში, ჰაიტიში, ღაზის სექტორში, მექსიკაში, კანადაში, კორეის რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, ერაყში, იორდანიაში, იემენში.

ასევე, როგორც ცნობილია, დაახლოებით, 7 მლნ დოზა აზიის ქვეყნებში გაიგზავნება; მათ შორის ინდოეთში, ნეპალში, ბანგლადეშში, პაკისტანში, შრი-ლანკაში, ავღანეთში, მალდივებზე, მალაიზიაში, ფილიპინებში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, ტაილანდში, ლაოსში, პაპუა ახალ გვინეაში, ტაივანსა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. კიდევ დამატებით 5 მლნ დოზა გაიგზავნება აფრიკაში, სადაც ქვეყნები აფრიკის კავშირის დახმარებით შეირჩევა.

„ჩვენ ვაქცინების გაზიარებას ვაპირებთ, ვინაიდან გვსურს, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და მსოფლიოს დავეხმაროთ პანდემიის დასრულებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები