მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თევზსაჭერი გემის 7 პროექტი დავაფინანსეთ, პირველი ახალი გემი თურქეთიდან შემოვა - ხიდურელი

5feb65725571a
თამთა ჯიჯავაძე
29.12.20 23:40
3162
ჩვენ ვაანალიზებთ სექტორებს, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოსგან დახმარება და ასეთი სექტორი არის თევზჭერა, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა „Forbes-კვირაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აქვს ამ კუთხით რესურსი.

„სამწუხაროდ, ამ რესურსის მოპოვება საკმაოდ ძველი გემებით ხდებოდა. რამდენიმე გემი ჩაიძირა კიდეც, რადგან ძალიან დაძველებული იყო. ზოგადად ჩვენი თევზსაჭერი ფლოტი იყო დაძველებული, რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ ვიღებდით ნაკლებ ეკონომიკურ სარგებელს, რადგან ვიჭერდით ნაკლებ თევზს ნაკლები ეფექტურობით.

დღეს უკვე გვაქვს შვიდი თევსაჭერი გემის პროექტი დაფინანსებული და პირველი ახალი აწყობილი გემი თურქეთიდან საქართველოში ალბათ იანვარ-თებერვალში შემოვა. ეს იქნება პირველი შემთხვევა და დანარჩენები უკვე სხვადასხვა ეტაპზეა, ზოგი შენდება, ზოგი დასკვნით ეტაპზეა“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, პირველი გემის პროექტი თიბისი ლიზინგთან ერთად შემუშავდა.

„ძალიან დიდი კონსულტაციების შემდეგ მოხდა ეს, ბანკთან, ლიზინგთან, მეთევზეებთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. პირველ რიგში ბანკი დავაინტერესეთ, რომ თევზსაჭერი გემების ბიზნესი არის საინტერესო ბიზნესი. დღეს უკვე ეს შესაძლებელია. დღეს უკვე სახელმწიფო გეხმარება სესხის თანადაფინანსებით და ამავე დროს გარანტიით და ბანკიც უკვე მზადაა, რომ ამ პირობების მიხედვით მისცეს მარტივად სესხი მეთევზეს და თევზსაჭერ გემებს. ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ყოველთვის შევხედავთ ინდუსტრიებს, ვნახავთ სად არის საჭირო დახმარება“, - დასძინა ხიდურელმა.

ცნობისთვის, საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი მუშაობის შედეგად პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულება დაემატა. პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. სააგენტოს ცნობით, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები