საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპი გადალახა და მსოფლიო მედია აალაპარაკა. ტურნირზე ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც 29 ბურთი მოიგერია და ამ დრომდე ინარჩუნებს სტატისტიკაში ლიდერობას.
გიორგის საოცარ თამაშს ბრიტანული გამოცემა The Athletic გამოეხმაურა, რომელიც ამჟამად გავლენიანი მედია გამოცემის New York Times-ის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფება.
საქართველოს მთაკაცი ერთ სეზონში მოგერიებული ბურთების რაოდენობით მხოლოდ 2008 წელს რუსეთის ნაკრების გოლკიპერს იგორ აკინფეევს ჩამორჩა, რომელმაც აღნიშნულ ევროპირველობაზე 32 ბურთი მოიგერია. ვინც გასულ სეზონში გიორგის “ვალენსიაში” ასპარეზობას მიადევნა თვალი მისი ასეთი შედეგი სიურპრიზი არავისთვის იქნება.
ესპანური ლა ლიგის გასულ სეზონში მოსალოდნელი გოლების კომპონენტს თუ ავიღებთ მან მოსალდონელზე ბევრად კარგი შედეგი დააფიქსირა ვინაიდან მისგან 50-ზე მეტ გაშვებულ ბურთს ელოდებოდნენ და “ვალენსიას” კარში მხოლოდ 34 გავიდა. ეს ფორმა ქართველს ევრო 2024-ზეც გაჰყვა.
ტურნირის დაწყების წინ ის ისეთი კლუბების რადარზე იმყოფებოდა, როგორებიც “ნიუკასლი”, “ატკეტიკო მადრიდი”, მიუნხენის “ბაიერნი” და სხვა გუნდები არიან. ახლა კი ინტერესი ცალსახად გაზრდილია.
გიორგი ჩემპიონატზე მესამე ყველაზე ახალგაზრდა გოლკიპერი იყო, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ ევროს აღწევდა. მას “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული 100 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობით.
მამარდაშვილს, როცა “ბაიერნში” ტრანსფერზე ჰკითხეს, მან აღნიშნა, რომ ამჟამად გუნდის პირველი ნომერი კვლავ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და თუკი ადგილს შეიცვლის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გუნდის პირველი ნომერი გახდება.
ქართველმა მეკარემ სარეკორდო 21 სეივი განახორციელა ჯგუფურ ეტაპზე, რაც 8 მოგერიებით უკეთესი მაჩვენებელია. ის საშულაოდ თამაშში 3,6 ბურთს იგერიებდა და მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელს ყოველთვის სჯობნიდა, რაც ჯგუფური ეტაპების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
მისი თამაში ევრო 2024-ზე “ვალენსიაში” ჩატარებული უნიკალური სეზონის გამოძახილია, რადგან 38-დან 37 შეხვედრაში სწორედ ის იდგა კარში, 13-ჯერ შეინახა კარი მშრალად, 34 ბურთი გაუშვა და 6 დარტყმულიდან 3 პენალტიც აიღო.
მამარდაშვილის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბება მძიმე შრომას, თავდადებასა და შანსების გამოყენებას უკავშირდება.
მან 9 წელი თბილისის “დინამოში” გაატარა, ეს არის ადგილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ისეთი ტალანტები აჩუქა, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ქინქლაძე არიან.
გიორგიმ სასტარტო მეკარეობის სურვილით გაჯერებული გადაწყვეტილება მიიღო, როცა იჯარა ჯერ “რუსთავში”, ხოლო მოგვიანებით “ლოკომოტივში” წავიდა სათამაშოდ. სწორედ ამ უკანასკნელ კლუბში ჩამოყალიბდა ის საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. “ვალენსიას” ყურადღება კი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მოიპოვა, როცა ესპანური “გრანადას” წინააღმდეგ საოცარი ბურთები მოიგერია.
მამარდაშვილის ერთ-ერთი აგენტის ანტონიო ლოპესის განცხადებით მას ურჩიეს გიორგისთვის თვალი ედევნებინა, “გრანადასთან” ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა. ლოპესმა მყისვე დაურეკა ესპანურ კლუბებს “ბარსელონას”, “რეალს”, “ატლეტიკოს”, “ბეტისს”, თუმცა ამ გუნდებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი გოლკიპერის წარმომავლობა აღმოჩნდა, მათ ქართულ ბაზარზე წარმოებული ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეპარებოდათ ეჭვი, მაშინ როცა ანტონიო ლოპესი საკუთარ არჩევანში დარწმუნებული იყო.
საბოლოოდ ქართველი მეკარე ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის შესაძლებლობით, 800 ათასი ევროს სანაცვლოდ “ვალენსიამ” დაიმატა, რომელსაც კლუბის მეორე შემადგენლობაში, ესპანეთის რანგით მეხუთე ლიგაში უნდა ეასპარეზა. ამ დროს კი ბედმა გიორგის მხარე დაიჭირა, როცა კლუბის ძირითადი ორივე მეკარემ ტრავმა მიიღო და შესაბამისად მთავარ მწვრთნელ ბორდალასს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, გარდა კარში მამარდაშვილის ჩააყენებისა.
პირველ 6 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ სასტარტოში პირველი მეკარე იასპერ სილესენი დაბრუნდა, თუმცა 4 თვიანი სათადარიგო როლის მორგების შემდეგ მამარდაშვილი დაუბრუნდა ძირითადი მეკარის როლს და მას შემდეგ კლუბის შეუცვლელი ფიგურაა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი გიორგის “ფანტასტიკურ მეკარეს” უწოდებს და აღფრთოვანებულია მისი “ვალენსიაში” არსებული პროგრესით:
“მე მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ თუკი ყოველდღე ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშებდა თვითონაც უკეთესი გახდებოდა. ესპანეთში ძირითადის ორმა მეკარემ მიიღო დაზიანება და მას შანსი გაუჩნდა, რომელსაც ჩაეჭიდა და აღარც გაუშვა. ამ ამბიდან სამი წელია გასული და ის ჩემთვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. თამაშიდან თამაშამდე ის უნიკალურ დონეს დებს” - აღნიშნა ვილი სანიოლმა.
სანიოლის ასისტენტი დევიდ ვები მეკარეზე საუბრისას აღნიშნავს, თუ როგორი დიდებული კომუნიკაცია აქვს მას თანაგუნდელებთან, როგორ თამაშობს მაღალ ბურთებზე და რამდენს შრომობს ამ ყველაფრის მისაღწევად.
მიმდინარე ზაფხულს “ვალენსიამ” ჩრდილოეთ მაკედონიელი მეკარე სტოლე დიმიტრევსკი “რაიო ვალეკანოდან” სრულიად უფასოდ დაიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის პრეზიდენტი პიტერ ლიმი თუკი ისეთ წინადადებას მიიღებს, რომელზედაც უარს ვერ იტყვის მამარდაშვილს აუცილებლად შეელევა.
თავის მხრივ გიორგი ტოპ გუნდიდან ელოდება შეთავაზებას, სადაც აუცილებლად კარის პირველი დარაჯი იქნება და თუ ასეთი შეთავაზება არ მიუვა, მზადაა კვლავ “ღამურებს” ემსახუროს.
ევრო 2024-ზე ფანტასტიკური პერფორმანსების შემდეგ მის ყოველ ნაბიჯს უკვე გამადიდებელ შუშაში აკვირდებიან საფეხბურთო ექსპერტები და ყველას აინტერესებს რა იქნება საქართველოს “დიდი კედლის” შემდეგი ნაბიჯი.