მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Beatles-ის AI-ით აღდგენილი სიმღერა Grammy-ზე წარადგინეს

The Beatles / Now and Then

ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფის, The Beatles-ის დაშლიდან ორმოცდაათი წლის თავზე, ლივერპულურმა ოთხეულმა ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს, Grammy-ის ორი ნომინაცია მიიღო. ჯგუფის ბოლო სიმღერა, სახელწოდებით Now and Then, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის აღდგენილი, ორი ჯილდოსთვის იბრძვის, ესენია: “წლის კომპოზიცია”, სადაც “ბიტლების” კონკურენტებად ბიონსეს, ტეილორ სვიფტსა და ბილი აილიშს ვხვდებით და “წლის პერფორმანსი როკის ჟანრში”, სადაც ბრიტანელებთან ერთად Green Day-ის, Pearl Jam-სა და The Black Keys-ს ვხვდებით. Grammy-ის დაჯილდოება 2025 წლის თებერვალში გაიმართება და გამარჯვებულები სწორედ ამ დროს გამოვლინდებიან.

კომპოზიცია, სახელწოდებით Now and Then, რომელიც The Beatles-ის უკანასკნელ მუსიკალურ ნაწარმოებად ითვლება, უცნაური ისტორიით არის დაჯილდოებული. ყველაფერი 1970-იან წლებში დაიწყო, როცა “ბიტლების” ლიდერმა, ჯონ ლენონმა სიმღერის სადემონსტრაციო ვერსია ჩაწერა, ნიუ-იორკში მდებარე სახლის სტუდიაში. თუმცა იმ დროს, ამ კომპოზიციის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და ის, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე კომპოზიცია, რომლებიც დღეს Dakota Demos-ის კრებითი სახელით არის ცნობილი, მხოლოდ 1980 წელს, ჯონ ლენონის მკვლელობის შემდეგ აღმოაჩინეს. მომდევნო წლების განმავლობაში, ჩანაწერი თაროზე იყო შემოდებული, მაგრამ 1990-იან წლებში, ჯგუფის წევრებმა ლენონის ნამუშევრების გაცოცხლება გადაწყვიტეს.

1990-იანი წლების შუა წლებში, პოლ მაკარტნიმ, ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა ამბიციური მულტიმედია პროექტი წამოიწყეს, რომლის მიზანი The Beatles-ის ისტორიის გადმოცემა იყო. ამ დროს, ჯგუფის დარჩენილი წევრების ძალისხმევით მსმენელმა ჯონ ლენონის ორი იმ დრომდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია — Free as a Bird და Real Love გამოუშვეს. აი, სწორედ ამ დროს დაიწყო საუბარი Now and Then-ის აღდგენაზე, მაგრამ კონკრეტულად ეს ჩანაწერი ცუდი ხარისხის იყო, ხოლო იმდროინდელი ტექნოლოგიით ასევე შეუძლებელი იყო ჯონ ლენონის სიმღერის და ფორტეპიანოს მუსიკის განცალკევება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კომპოზიციის აღდგენის მიმართ დიდი ენთუზიაზმით არც ჯორჯ ჰარისონი იყო დაინტერესებული, ასე რომ Now and Then-ის პროექტი, ნელ-ნელა, წარსულს ჩაბარდა.

წლებთან ერთად და მუსიკალური ინჟინერიის და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დახვეწის კვალდაკვალ, The Beatles-ის ბოლო კომპოზიციის აღდგენა შესაძლებელი გახდა. ამ პროცესში ლეგენდარული ახალზელანდიელი რეჟისორი, პიტერ ჯექსონი ჩაერთო, რომელიც იმ დროს “ბიტლების” დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა, სახელწოდებით The Beatles: Get Back. პიტერ ჯექსონის ტექნიკურმა გუნდა შექმნა ტექნოლოგია, რომელსაც კომპოზიციაში არსებული სხვადასხვა მუსიკალური ნაწილების დაშორება შეეძლო, რითაც თავდაპირველი ჩანაწერიდან ჯონ ლენონის ხმის ამოღება იყო შესაძლებელი. ჯონ ლენონის ხმამ პოლ მაკარტნი და რინგო სტარი კვლავ გააერთიანა და ბრიტანელებმა Now and Then-ის გაცოცხლებას შეუდგნენ. The Beatles-ის მეოთხე წევრი, ჯორჯ ჰარისონი, ამ დროს, უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ ბოლო კომპოზიციაში მისი გიტარის მუსიკა მაინც მოხვდა.

ტექნოლოგია, რომელიც პიტერ ჯექსონის გუნდმა შექმნა, “მანქანასისტირებული დასწავლა” (MAL) ეწოდება და მისი მიზანი კომპოზიციიდან კონკრეტული ელემენტების ამოღება იყო. The Beatles-ის უკანასკნელი კომპოზიცია ჯონ ლენონმა სახლში მოწყობილ სტუდიაში ჩაწერა, რის გამოც ჩანაწერში ფონის ხმაური და ზუზუნი შემოდიოდა, ხოლო თავად ლენონის ვოკალს ხშირად ეფარება ფორტეპიანოს მუსიკა — მარტივად რომ ვთქვათ, ამ ფორმით შესრულებული კომპოზიცია პროფესიონალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მით უმეტეს, როცა საქმე “ბიტლებთან” გვაქვს. თავად ეს ტექნოლოგია ჭკვიანი ალგორითმებით იმართება, რომელთაც ჩანაწერში სხვადასხვა ელემენტის, მათ შორის ვოკალის, კონკრეტული ინსტრუმენტების და ფონის ხმაურის ერთმანეთისგან გარჩევა და განცალკევება შეუძლია, რაც კომპოზიციის დამუშავებას შესაძლებელს ხდის.

თავად ეს კომპოზიცია, რომელიც ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფის ხელწერას იმეორებს, მელანქოლიურია, მაგრამ მსმენელს იმედს უტოვებს. ჯონ ლენონის ვოკალი მუსიკოსის მიერ თვითდაკვირვებაზე მიგვანიშნებს, ხოლო თავად სიმღერა The Beatles-ის მსმენელისთვის კარგად ნაცნობ თემებს — სიყვარულს, მის დაკარგვას და შერიგებას ეხება, რაც ლივერპულური ოთხეულის ურთიერთობის სიმბოლოდ გამოდგება. ეს კომპოზიცია The Beatles-მა 1962 წელს გამოსულ და ასევე AI-ის მიერ განახლებულ კომპოზიციასთან, Love Me Do-სთან ერთად გამოუშვა, რითაც The Beatles-ის ისტორიაში ერთგვარი წრედი შეიკრა — დასაწყისიდან, დასასრულამდე.

თუმცა მუსიკა ერთადერთი სფერო არ არის, სადაც The Beatles-მა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. კომპოზიციასთან ერთად, ჯგუფმა ვიდეოკლიპიც გამოუშვა, რომელიც ასევე AI-ის დახმარებით იყო შესრულებული. ამ მხრივ, “ბიტლებმა” გამოიყენეს, როგორც ტრადიციული და ყველასთვის კარგად ნაცნობი ხელსაწყოები, მათ შორის ხარისხის გაუმჯობესება, ფერების კორექცია და კადრების ინტერპოლაცია, ასევე შედარებით ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის დიპფეიკები და ვიზუალური სინქრონიზაცია, რამაც აწ უკვე გარცავლილი ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი ეკრანებზე დააბრუნა და ბუნებრივად აამოძრავა… გამოდის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა “ბიტლების” გულშემატკივრებს კიდევ ერთი, ამ დროისთვის უკანასკნელი კომპოზიცია აჩუქა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები