მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიანეთის მერიამ არასრულად შესრულებული სამუშაოების მიუხედავად მიმწოდებელს ₾16 ათასი ზედმეტად აუნაზღაურა - აუდიტი

648c984b81fa0
ალა ისპირიანი
16.06.23 21:17
621
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტმა არასრულად შესრულებულ სამუშაოების მიუხედავად მიმწოდებელს 16 ათას 700 ლარი ზედმეტად აუნაზღაურა.

კერძოდ, მუნიციპალიტეტმა 2020 წელს გამარტივებული შესყიდვის ფორმით, სოფლებში გზების რეაბილიტაციის მიზნით (მოხრეშვა), 7 ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებით 154.9 ათას ლარს შეადგენდა.

ხარჯთაღრიცხვების მიხედვით, მიმწოდებლებს სოფლებში უნდა შეეტანათ 7 555 კუბ.მ ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი და ჯამურად მოეხრეშათ 29 319 კვ.მ ფართის გზა. ხელშეკრულებების შესრულების დოკუმენტაციის შემოწმებით გაირკვა, რომ მიმწოდებლების მიერ სამუშაოები შესრულებულია არასრულად. კერძოდ, ნაცვლად 7 555 კუბ.მ ქვიშა-ხრეშოვანი ნარევისა, სოფლებში შეტანილია 5 753 კუბ.მ, ანუ 1 802 კუბ.მ-ით ნაკლები, ხოლო მოსახრეში 29 319 კვ.მ ფართის ნაცვლად მოიხრეშა 22 271 კვ.მ, 7 048 კვ.მ-ით ნაკლები.

მიუხედავად სამუშაოების არასრულად შესრულებისა, სამუშაოს მიმღებმა ჯგუფმა სამუშაო ჩაიბარა და ღირებულება ანაზღაურებულია სრულად. წარმოდგენილი დოკუმენტებით შეუსაბამობა გამოწვეულია იმით, რომ მიმწოდებლებმა, მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე 1 კუბ.მ ქვიშა-ხრეშოვანი მასალის ღირებულება − 4.24 ლარი, შესრულებული სამუშაოს აქტში (ფორმა №2) გაზარდეს 8.47 ლარამდე. მერიას არ უნდა დაეშვა მასალის ერთეულის ფასის ზრდა და სამუშაოების ღირებულება უნდა აენაზღაურებინა ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ფასის შესაბამისად. შედეგად დაირღვა შემსყიდველის ინტერესები და მიმწოდებელს ზედმეტად აუნაზღაურდა 16.7 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება, რეალურად რამდენი ქვიშა-ხრეშოვანი მასალა იქნა შეტანილი და რამდენი კვ.მ ფართი მოიხრეშა, რადგან მუნიციპალიტეტის მიერ არ იყო შექმნილი შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს გაუწევდა სამუშაო პროცესს და აღრიცხავდა შეტანილი მასალების და მოხრეშილი ფართის საერთო რაოდენობას.

დასკვნა: მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიბარეს ნაკლები მოცულობით და გაზრდილი ერთეულის ღირებულებით შესრულებული სამუშაოები. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო, გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ზედმეტად ანაზღაურებულმა თანხამ სულ 16.7 ათასი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები