მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისი დაზღვევა“ ავტოდაზღვევის ბაზრის ლიდერია - მიზნები და გეგმები

6447ca489e392
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.23 16:50
1540
საქართველოში 2022 წელს დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 8.5%-ით გაიზარდა, თუმცა ქვეყანაში ავტომობილების ბაზარზე დაზღვეული ავტომობილების წილი უცვლელად - 7% რჩება. სადაზღვევო ბაზრის ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, დაზღვევის სახეობებში ავტოდაზღვევას რეიტინგში ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. დაზღვევის ამ სახეობაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობა გასულ წელს 166 მლნ ლარი იყო, დაზღვევის პოლისების რაოდენობა კი 114 447-მდე გაიზარდა.

სადაზღვევო ბაზრის ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ 2022 წელს ავტოდაზღვევის ბაზრის ლიდერი 30%-იანი წილით „თიბისი დაზღვევა“ იყო. გასული წლის განმავლობაში კომპანიამ ავტოდაზღვევით ჯამში 49.3 მლნ ლარის პრემია მოიზიდა. ამასთან, „თიბისი დაზღვევის“ მიერ გასულ წელს კორპორაციულ და საცალო სეგმენტში ანაზღაურებული ზარალის მოცულობა 52%-ით გაიზარდა და 35 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება საცალო ბაზარს, ჯამში ამ მიმართულებით სადაზღვევო კომპანიამ 22 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა.

ავტომობილების ბაზარზე არსებული მდგომარეობის, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების, ასევე ავტოდაზღვევის ბაზრის განვითარების ხედვებისა და ნაბიჯების შესახებ BM.GE-სთან „თიბისი დაზღვევის“ საცალო და MSME მიმართულების ხელმძღვანელმა, ივა კახაძემ, ისაუბრა.

- „თიბისი დაზღვევა“ ადგილობრივ ბაზარზე მეშვიდე წელია რაც ოპერირებს. 2022 წლის ფინანსური მაჩვენებლებიც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და კომპანიამ ავტოდაზღვევის მიმართულებით ბაზრის მოთამაშეებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. თავად კომპანიაში როგორ აფასებთ, როგორი იყო 2022 წელი „თიბისი დაზღვევისთვის“?

ბაზარზე შემოსვლის დღიდან „თიბისი დაზღვევაში“ ფოკუსირებულები ვართ საცალო მიმართულებაზე. ბაზრის ლიდერის პოზიცია პირველივე ორ წელიწადში მოვიპოვეთ. რაც შეეხება ცალკე აღებულ ავტოდაზღვევას, სადაზღვევო სექტორში ეს ყველაზე დიდი პროდუქტია ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ. 2022 წელს ჯამურად საცალო ავტოდაზღვევის ბაზარი დაახლოებით 12 მილიონი ლარით გაიზარდა, სადაც ჩვენი კონტრიბუცია 5 მილიონი იყო, ანუ იმასთან ერთად, რომ ავტოდაზღვევის მიმართულებით ბაზრის ლიდერები ვართ, ზრდაც ყველაზე მაღალი გვაქვს. ავტოდაზღვევის ნაწილში ჩვენი ზრდა ბაზრის პროცენტულ ზრდაზე ორჯერ მეტი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მარკეტმეიკერები ვართ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტოდაზღვევის ახალ ბაზარს მეტწილად ჩვენ ვქმნით.

- რა განაპირობებს ამ პოზიციებს და რას აკეთებს კომპანია ლიდერობის შენარჩუნებისთვის?

სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში ყოველი მესამე ავტოდაზღვევის მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ ირჩევს. ეს, პირველ რიგში, კომპანიის ინოვაციური მიდგომებით არის განპირობებული. ბაზარზე შემოსვლისთანავე ციფრული მომსახურებისა თუ პროდუქტების მიმართულებით უამრავი სიახლე დავნერგეთ. ციფრული სერვისების პირობებში მომხმარებელს ყველანაირი მომსახურების მიღება ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლია, იქნება ეს პოლისის გაფორმება, თუ ზარალის ანაზღაურება. ამასთან, მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში თავად მომხმარებლები გვეხმარებიან, რადგან ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით მათ, ვსწავლობთ მათ საჭიროებებს და ამის მიხედვით ვთავაზობთ სადაზღვევო პროდუქტებს. მესამე ფაქტორი, რაც წარმატების მიღწევაში გვეხმარება, ჩვენი გუნდია, რომელიც პროფესიონალი ადამიანებით არის დაკომპლექტებული. ამ მხრივ კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება. პროფესიული და ფინანსური ზრდა-განვითარება, დამატებითი კურსები, დაწინაურება - ეს ყველაფერი, ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. კომპანია ამ ნაწილში საკმაოდ დიდ ენერგიასა და დროს დებს, რაც შედეგებზე აისახება.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ კომპანიამ ძალიან ბევრი სერვისი გააციფრულა, ერთ-ერთი ასეთი იყო აპლიკაცია, რომელიც გასულ წელს გაააქტიურეთ. როგორია აპლიკაციაზე მოთხოვნა და რა ბენეფიტებს აჩენს ის მომხმარებლისთვის?

ჩვენი ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე კონკრეტული ოპერაციები ჩაატაროს. მაგალითად, დაზღვეულს შეუძლია ავტოდაზღვევის პოლისი ერთ ღილაკზე დაჭერით დააპაუზოს და შემდეგ ისევ გააქტიუროს, ასევე შეუძლია პრემიის გადახდა, ავტომატური გადახდის გენერირება, უფლებამოსილი მძღოლის დამატება, ავტომობილის დასურათება, პოლისის განახლება, სადაზღვევო შემთხვევისას ანაზღაურების მოთხოვნა და მიღება. ის სრულყოფა მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. ის ერთი წელია რაც ჩაეშვა და მომხმარებელთა 60% მას აქტიურად იყენებს.

- რა სიახლეებს გეგმავთ აპლიკაციის ნაწილში და როდისთვის უნდა ელოდოს მომხმარებელი ამ სიახლეს?

როგორც აღვნიშნე, App-ი მუდმივად უმჯობესდება, რათა მომხმარებელი სერვისებს მაქსიმალურად კომფორტულად, სწრაფად და მარტივად იღებდეს. ამჟამად ჩვენი სერვისების 90%-ის მიღება App-შია შესაძლებელი. ვცდილობთ, ტექნიკური ცვლილებებითა და რედიზაინით ისე დავიხვეწოთ, რომ მომხმარებელმა სერვისების 100% App-ში მიიღოს.

აპლიკაციის მეშვეობით დაზღვეულებს უკვე შეუძლიათ მართონ ქონების დაზღვევის, სამოგზაურო დაზღვევის, სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პოლისებიც.

- როგორ აფასებთ, რა გამოწვევებია დღეს ავტოდაზღვევის ბაზარზე და რა გადაწყვეტებს შესთავაზებთ მომავალში მომხმარებელს, იმისთვის რომ დაზღვევის მოხმარების კულტურა გაიზარდოს?

მიუხედავად იმისა, რომ ავტოდაზღვევა საკმაოდ მსხვილი პროდუქტია, დღეს ქართულ ბაზარზე, ავტომობილების საერთო რაოდენობისა და დაზღვეული ავტომობილების რაოდენობების შედარებისას, ვხედავთ, რომ დაზღვეული ავტომობილების რიცხვი საკმაოდ მცირეა. საქართველოში დაზღვევის პენეტრაცია დაბალი, ძირითადად, მცირებიუჯეტიან ავტომობილებშია. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიებს უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება, რათა ავტომფლობელებს მათზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და ახალი პროდუქტი - „კომპლექტი“ შევქმენით, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, თავად შეარჩიოს დაზღვეული რისკები. მაგალითად, მას შეუძლია დააზღვიოს მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევა და არა საგნების ვარდნით გამოწვეული ზარალი, ანუ თვითონ ააწყოს სადაზღვევო პროდუქტი იმ მიზნით, რომ ნაკლები გადაიხადოს. პროდუქტი ახალი გაშვებული გვაქვს და მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესია. დაბალბიუჯეტიან ავტომობილებში პენეტრაციის გაზრდის მიზნით ენერგიას არ დავიშურებთ.

- "ყვლზ სწრფ ავტდზღვვა" - ეს თიბისი დაზღვევის ერთ-ერთი კამპანიაა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩაეშვა. რა შედეგებზე შეგვიძლია ამ მიმართულებით ვისაუბროთ?

როგორც ზემოთ გითხარით, მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით, თუ რა არის ჩვენი მომხმარებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ფაქტორი იყო დრო, რომელიც ყველაზე ძვირფასია თანამედროვე ადამიანისთვის ამ დინამიკური ცხოვრების რიტმის ფონზე. შესაბამისად, მივხვდით, რომ თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევა უნდა ყოფილიყო ყველაზე სწრაფი. აქტიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ავტოდაზღვევასთან დაკავშირებული ყველა პროცესი აგვეჩქარებინა. როგორც პოლისის გაცემის (რომელიც ხდება სულ რაღაც ერთი კლიკით - წამებში), ასევე ზარალების რეგულირების დრო დავიყვანეთ მინიმუმამდე. ამ ნაწილში დაუჯერებელი, რეკორდული შედეგებიც გვაქვს (6.11 წუთი). შესაბამისად, გამოვიდა ყვლზ სწრფ ავტოდაზღვევა - ეს მესიჯი შიდა კულტურის ნაწილიც გახდა.

- პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების პროცესი კომპანიაში მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით გაქვთ გააზრებული. ამისთვის კი „თიბისი დაზღვევა“ გამოკითხვის შედეგად ყოველწლიურად მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას ატარებს. რა შედეგები გქონდათ, 2022 წელს და რის საშუალებას იძლევა ეს გამოკითხვა კომპანიისთვის?

მომხმარებელთა კმაყოფილების დადგენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც კომპანია საცალო ბაზრის ლიდერი გახდა, ყოველწლიური გამოკითხვისას ჩვენი კმაყოფილების დონის შედეგები უმჯობესდება. თუმცა 2022 წელი კიდევ უფრო გამორჩეული იყო, რადგან კმაყოფილების კუთხით მნიშვნელოვანი სხვაობა გვაქვს კონკურენტ სადაზღვევო კომპანიებთან.

მომხმარებელთა კვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ერთი, როდესაც მომხმარებელს სადაზღვევო შემთხვევა ჰქონდა და მეორე, როდესაც არ ჰქონდა. გვსიამოვნებს ის ფაქტი, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც სადაზღვევო შემთხვევები ჰქონდათ, უფრო კმაყოფილები არიან, ვიდრე ის მომხმარებელი, რომლებსაც არ ჰქონიათ სადაზღვევო შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლისის და სადაზღვევო პროდუქტების გაცემის დროს მათ სწორ მოლოდინებს ვუქმნით და სადაზღვევო შემთხვევისას, როდესაც მომხმარებელი ანაზღაურებას იღებს, კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ჩვენ მათ მოლოდინებს ვამართლებთ და უფრო კმაყოფილებსაც კი ვტოვებთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში ყველაზე კმაყოფილი დაზღვეულები „თიბისი დაზღვევას“ ჰყავს. მომხმარებლის მხრიდან მიღებული უარყოფითი ფიდბექი კი სხვადასხვა საკითხების კიდევ უფრო გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს. დაზღვეულთა ერთ-ერთი გამორჩეული შეფასება ის არის, რომ „თიბისი დაზღვევა“ ყვლზ სწრფ სადაზღვევო კომპანიაა.

- როგორია „თიბისი დაზღვევის“ განვითარების გეგმები და სტრატეგია? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

კომპანიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დაზღვეული ავტომობილების რაოდენობის გაზრდა. პენეტრაციის ზრდის მნიშვნელოვან რესურსს დაბალბიუჯეტიანი ავტომობილების შემთხვევაში ვხედავთ. როგორც აღვნიშნე, ავტოდაზღვევის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი შევქმენით, რომლის საშუალებითაც სადაზღვევო პროდუქტის შერჩევასა და ავტომობილის მისაღებ ფასად დაზღვევას მომხმარებელი უფრო მარტივად შეძლებს.

“თიბისი დაზღვევაში” განვაგრძობთ დაზღვეულებზე ზრუნვას და მათი ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივების გზებზე ფიქრს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები