თეგეტა ჰოლდინგმა 60 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 11 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება. ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, თავდაპირველად განსაზღვრული 7.5 მილიონი ევროს ნაცვლად კომპანიამ 11 მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა. კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია. შედეგად, კომპანიამ 50 საბაზისო პუნქტით გააუმჯობესა 2024 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი და ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოახდინა.


































