„ევროპაში არაერთი პრიზი გვაქვს აღებული, ახლა უკვე საუბარია მსოფლიო მასშტაბით აღიარებაზე“ , - ამის შესახებ „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ კაპანაძემ გადაცემა "ფორბს კვირაში" განაცხადა. ის საუბრობს ჯილდოზე, რომელიც “Mcdonald’s საქართველოს” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მოიპოვა. იგულისხმება Mcdonald’s-ის ქსელში ხარისხის ყველაზე მაღალი, "ფრედ ტერნერის სახელობის ოქროს თაღი". ჯილდოს ყოველწლიურად მსოფლიოს გარშემო საუკეთესო ხარისხის Mcdonald’s-ის რესტორნების ოპერატორების 1% იღებს და ის მომხმარებელთა სერვისის უმაღლესი ხარისხისთვის გაიცემა.
თენგიზ კაპანაძის თქმით, „მაკდონალდს საქართველოს“ წარმატებებში და განსაკუთრებით, კომპანიის დაჯილდოებაში დიდი წვლილი თიბისი ბანკის პარტნიორობას მიუძღვის.
„შორიდან ძალიან მარტივად ჟღერს, როდესაც პანდემიის პერიოდში სხვადასხვა პროექტში თანხის დაბანდებაზე ვსაუბრობთ. ამის უკან არის უზარმაზარი სქემა: რომ არა თიბისის მიერ გარემოების რეალური აღქმა და პარტნიორული გვერდში დგომა, ჩვენც გავჩერდებოდით ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი, სადაც ამ ინდუსტრიაში ინვესტიციები გარკვეული პერიოდით შეწყდა. ჩვენი წარმატება კი თიბისისთან პარტნიორობის სწორი გადაწყვეტილების შედეგია. ყოველთვე მიბარებდნენ და რიგ საკითხებზე ვმსჯელობდით, რაც ძალიან კარგი იყო. რომ არა ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ალბათ უფრო მოშვებულად ვიმოქმედებდით. თიბისის „შეფუცხუნებამ“ ძალიან კარგ გზაზე დაგვაყენა.
პანდემიის პერიოდში, როცა ევროპაშიც კი რესტორნებს ბანკებისგან დაფინანსება შეუწყდათ, ჩვენ 45 მილიონი ლარის ინვესტიცია შევძელით. გაითვალისწინეთ, ეს ხდება გლობალური პანდემიის პერიოდში. ამ მხრივ, თიბისის ბანკის დინამიკა ძალიან მაგარი იყო! სწორედ მათთან პარტნიორობით შევძელით, ასეთი შედეგის მიღება. ის, რომ დღეს „მაკდონალდს საქართველო“ ოსკარს იღებს, ამაში თიბისის დამსახურება ძალიან დიდია“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.
ცნობისთვის, თენგიზ კაპანაძის ინფორმაციით, „მაკდონალდსის“ თითო რესტორანს ქვეყნის ბიუჯეტში მილიონი ლარი შეაქვს. ასე იყო პანდემიის პირველ, 2020 წელსაც, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მაშინ 2 რესტორნით ნაკლები ოპერირებდა. კომპანია დასაქმების მაღალი მაჩვენებლებითაც გამოირჩევა: ბოლო მონაცემებით, "მაკდონალდსში" 1100 ადამიანია დასაქმებული, ხოლო 15 000-ზე მეტი - დატრენინგებული.




























