მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TIBR-ის ინდექსი მთლიანად რეფინანსირების განაკვეთიდან ყალიბდება - ნათია თურნავა კრედიტების TIBR-ზე გადაყვანაზე

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით TIBR-ის ინდექსი, რომელსაც ცვლად განაკვეთიანი სესხები უნდა მიებას თავიდან ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთიდან ყალიბდება.

ნათია თურნავა განმარტავს, რომ ცვლად განაკვეთიან სესხებში TIBR-ის ინდექსზე გადასვლის პროცესი 2021 წლიდან დაიწყო და ის თანდათანობით მიმდინარეობს, თუმცა სებ-მა ბანკებისთვის ამ მიმართულებით ცვლილებების გასატარებლად უფრო მეტი დროის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ბანკებმა უფრო სრულფასოვნად შეძლონ მომხმარებლების ინფორმირება ამ განაკვეთის შინაარსის თაობაზე.

სებ-ის ინფორმაციით, TIBR-ის ინდექსზე დაახლოებით 1 მილიარდი ლარის სესხები არის მიბმული.

“ჩვენ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი უფრო მშვიდად წარიმართოს და უფრო მეტი ახსნა შეძლონ კითხვის შემთხვევაში მომხმარებლებისთვის თუ რას ნიშნავს TIBR-ის ინდექსი და რით განსხვავდება ის რეფინანსირების განაკვეთისგან. მინდა გითხრათ, რომ TIBR-ის ინდექსი მთლიანად რეფინანსირების განაკვეთიდან გამომდინარეობს. რეფინანსირების განაკვეთი არის რეფინანსირების სესხების ფასი, რომელსაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს. შემდეგ უკვე TIBR-ი ყალიბდება ბაზარზე და ამ რესურსის ფასი ჩვენი რეფინანსირების განაკვეთია. შესაძლებელია, რომ გარკვეულ პერიოდში TIBR-ი იყოს ჩვენს განაკვეთზე პროცენტის მეასედით დაბალი ან მაღალი, თუმცა მთლიანობაში, საშუალოვადიან პერიოდში, ეს განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის იდენტური მაჩვენებელი იქნება.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები არის არქაული პრაქტიკა და ყველგან იცით, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც ეს არის ბანკთაშორისი სესხების განაკვეთზე მიბმული. მაგალითად LIBOR ან SOFR და ჩვენც თანდათან აქეთკენ ვისწრაფვით. როდესაც ჩვენ რეფინანსირების განაკვეთს ვამცირებთ, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ლარის სესხები აუცილებლად გაიაფდება”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რას წარმოადგენს TIBR ინდექსი და როგორ ითვლიან მას:

კომერციული ბანკები მუდმივად ვაჭრობენ მოკლევადიანი ჭარბი ლიკვიდურობით, შესაბამისად ეს ბანკთაშორის სადეპოზიტო/საკრედიტო ბაზარს წარმოადგენს. აღნიშნულ ბაზარს გადამწყვეტი როლი აქვს მონეტარული გადაცემის მექანიზმის (რეფინანსირების განაკვეთის) ფუნქციონირებაში.

ფულადი ბაზრის ინდექსები გამოიყენება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის ფასწარმოქმნისას, როგორიცაა მცურავგანაკვეთიანი ობლიგაციები და საბანკო სესხები, ასევე დერივატივები. ფულადი ბაზრის ინდექსები უზრუნველყოფს ფინანსური ინსტრუმენტების ფასწარმოქმნის გამჭვირვალობას, ბაზრის მონაწილეთა შორის რისკების გადანაწილებას და საპროცენტო განაკვეთის რისკის მართვას.

TIBR განაკვეთის გაანგარიშება შემდეგნაირად ხდება:

  1. ყოველ საბანკო დღეს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სისტემის გვერდიდან იღებს მიმდინარე საბანკო დღის განმავლობაში დადებულ ბანკთაშორის გარიგებებს.
  2. TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში მონაწილე ბანკთაშორისი გარიგებებიდან ეროვნული ბანკი ახდენს TIBR განაკვეთის გაანგარიშებას შემდეგნაირად: ა) მიმდინარე საბანკო დღეს განხორციელებული გარიგებების თანმიმდევრობა განისაზღვრება ბანკთაშორის გარიგებაში ასახული საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით; ბ) საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით დალაგებული ბანკთაშორისი გარიგებების საერთო რაოდენობას აკლდება ზედა 15%-ის და ქვედა 15%-ის შესაბამისი რაოდენობის ბანკთაშორისი გარიგებები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში. თუ გარიგებების საერთო რაოდენობის 15% არ არის მთლიანი ციფრი, მაშინ ხდება მიღებული რაოდენობის დამრგვალება უახლოეს მთელ მაჩვენებლამდე; გ) TIBR განაკვეთის გაანგარიშება ხდება დარჩენილი გარიგებების საშუალო შეწონილი მაჩვენებლით; დ) საშუალო შეწონილი პროცენტი გაიანგარიშება ფორმულით. ე) გაანგარიშებული TIBR განაკვეთი იქნება წლიური საპროცენტო განაკვეთი მძიმის შემდეგ ორი ციფრის სიზუსტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები