მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TiflisTex : გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე 40%-ით, საექსპორტო შეკვეთები კი 20%-ით შეგვიმცირდა

5f325201edf93
ვიქტორია მღებრიშვილი
11.08.20 18:30
1703
წინდების მწარმოებელი კომპანია „ტიფლის ტექსტილის“ გაყიდვები პანდემიამ ქართულ ბაზარზე 40%-ით, ხოლო საექსპორტო შეკვეთები 20%-ით შემცირა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ფინანსური დირექტორი ნინო მჟავანაძე განმარტავს, პანდემიამ ისევე როგორც ბევრ სხვა ბიზნესზე, მათზეც დიდი გავლენა იქონია.

„საგრძნობლად შემცირდა ადგილობრივი გაყიდვები, პანდემიის დროს მოლების დახურვასთან ერთად დაიკეტა ჩვენი სავაჭრო სტენდები. სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის შედეგად, თანამშრომლები ქარხანაში მოსვლას ვეღარ ახერხებდნენ და კომპანიას საკუთარი ხარჯებით მოუხდა მათი ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება, რაც მკვეთრად შემცირებული გაყიდვების ფონზე დამატებით ხარჯად დააწვა საწარმოს.

დღეისთვის კომპანიაში 56 ადამიანია დასაქმებული და ყველაფრის მიუხედავად კომპანიამ ყველა მათგანის შენარჩუნება შეძლო“, - განაცხადა „ტიფლის ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა.

გაყიდვებზე საუბრისას ის ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე კომპანია ინერციით მიჰყვებოდა არსებულ, პანდემიამდე არსებულ ტემპს.

„გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზარზე. პანდემიის დაწყებიდან 2-3 თვის განმავლობაში კიდევ ინერციით მივყვებოდით პროცესებს. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები დაახლოებით 40%-ით შეგვიმცირდა“, - აღნიშნავს ნინო მჟავანაძე.

ის ქართული წარმოების წინდების ექსპორტის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ კუთხით რეალიზაცია 20%-ით შემცირდა.

„პანდემიამდე ექსპორტის დიდი შეკვეთები გვქონდა მიღებული და მისი მზადების პროცესში ვიყავით. თუმცა ახლა, როდესაც პანდემიამდე მიღებული ყველა შეკვეთა გაგზავნილია ექსპორტზე, ახალი შეკვეთები მკვეთრად შემცირებულია. ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ უცხოელი პარტნიორების მხრიდან შეკვეთები კიდევ უფრო მოიკლებს.

ამ დროისთვის ჩვენი წარმოებული ქართული წინდები სამ ქვეყანაში: საბერძნეთში, აზერბაიჯანსა და გერმანიაში გავიტანეთ. ჯამში საექსპორტო ბაზრებზე 2020 წელს 750 000 წყვილი წინდის რეალიზაცია მოვახდინეთ. ეს მონაცემი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა ამ შეკვეთის დიდი ნაწილი ქარხანას პანდემიამდე პერიოდში ჰქონდა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ახალი შეკვეთები, რომლებიც პანდემიის შემდეგ მივიღეთ შარშანდელთან შედარებით 20% -ითაა შემცირებული და სამომავლოდ კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება შეკვეთების კლება”, - აღნიშნავს კომპანიის ფინანსური დირექტორი.

„ტიფლის ტექსტილში“ მიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებლები წლიურ შედეგებზეც აისახება და 2020 წელს გაყიდვები 20%-იან შემცირებას ელიან.

„გაყიდვები რა თქმა უნდა შემცირდება. რადგან ადგილობრივი გაყიდვები მკვეთრადაა შემცირებული და აგრეთვე მცირდება ექსპორტიც. წლის პირველ ნახევარში კომპანიამ ასე თუ ისე შეძლო ინერციით წაყოლოდა პროცესებს, თუმცა მეორე ნახევრისთვის აშკარაა რომ მკვეთრად შემცირებულია შეკვეთებიც და გაყიდვებიც. ვვარაუდობთ, რომ გაყიდვები წლიურად 20%-ით შეგვიმცირდება“, - აღნიშნა ნინო მჟავანაძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ წელს დაახლოებით 2 მლნ წყვილამდე წინდა აწარმოა. წელს „ტიფლის ტექსტილის“ დაგეგმილ წარმადობა 2.5 მლნ წყვილი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები