მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TiflisTex-ის ქართული წინდები ევროკავშირის ბაზარზე გადის

5df1e8817b94f
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.19 11:00
2488
წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია „TiflisTex“, Made in Georgia-ს იარლიყით, პროდუქციის ექსპორტს საბერძნეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებს. ამის შესახებ BM.GE-ისთან საუბარისას საწარმოს გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ საწარმო სულ ერთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს, მათი პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა.  ჩვენ ორ ქვეყანაში გავდივართ ექსპორტზე, ერთი მათგანი ევროკავშირის წევრია ანუ ევროკავშირის ბაზარზე ვართ შესული. ეს ქვეყნებია საბერძნეთი და აზერბაიჯანი. დაახლოებით, წელიწადში 1 მლნ-მდე წყვილი წინდა გაგვაქვს ექსპორტზე. ღირებულებას რიცხვებში ზუსტად ვერ გეტყვით“, - ამბობს გენერალური დირექტორი.

მისივე თქმით, სწორედ იმის გამო, რომ საწარმო ექსპორტზეა გასული, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კომპანიაზე შედარებით ნაკლები გავლენა იქონია.

„ჩვენ ექსპორტის ხარჯზე ვაბალანსებთ ამ გავლენას“, - ამბობს გაჩეჩილაძე.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა bm.ge-ისთან საწარმოს დაარსების დეტალებსა და განხორციელებულ ინვესტიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აწარმოე საქართველოს“ სახელმწიფო პროგრამა მათ საწარმოს ამოქმედებაში დაეხმარა, თუმცა მთავარი წარმოების შენარჩუნებაა.

„საწარმოს გახსნაში 6 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელეთ და ამ დროისთვის 55 ადამიანი გვყვავს დასაქმებული. საწარმო „აწარმოე საქართველოს“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ავამოქმედეთ. მათ ხელი შეგვიწყეს, რომ ეს ინვესტიცია განგვეხორციელებინა და ბიძგი მისცეს ჩვენს წარმოებას. ძალიან კარგია, რომ ეს პროგრამა არსებობს, მაგრამ მარტო ქარხნის აშენება და გახსნა ხომ არ არის, მთავარი მისი შენარჩუნებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სექტორში კონკურენცია ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიებს შორის სამართლიანი იყოს“, - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

აღსანიშნავია, რომ „ტიფლისტექსის“ მიერ წარმოებული ქართული წინდები ადგილობრივ ბაზარზე 2-დან 10 ლარამდე ღირს.

ცნობისთვის, შპს „ტიფლის ტექსტილ“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში განახორციელებს. ამასთანავე, შპს „ტიფლის ტექსტილმა“ სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ თბილისში, გ.ლორთქიფანიძის #81ა 9492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები