მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტიმ კუკი თანამდებობას ტოვებს, ვინ გახდება Apple-ის ახალი CEO?

კუკი

Apple-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს სექტემბრიდან ჯონ ტერნუსი დაიკავებს, ხოლო მოქმედი CEO, ტიმ კუკი, Apple-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კომპანიის ყოველდღიურ მართვას ჩამოშორდება.

ტიმ კუკის 15-წლიანი მმართველობის პერიოდში Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $350 მილიარდიდან $4 ტრილიონამდე გაიზარდა, რაც 1000%-ზე მეტ ზრდას გულისხმობს. მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ ისეთი ინოვაციური პროდუქტები წარადგინა, როგორიცაა: Apple Watch, AirPods და Apple Vision Pro.

გარდა ამისა, კუკმა Apple Services-ი $100-მილიარდიან ბიზნესად აქცია და Mac-ები M-სერიის პროცესორებით აღჭურვა, რაც რევოლუციური ცვლილება იყო.

ახალი ხელმძღვანელი, ჯონ ტერნუსი, რომელიც კომპანიას 2001 წელს შეუერთდა, აქამდე ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებას კურირებდა და iPhone 17-ისა და MacBook Neo-ს შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, არტურ ლევინსონის განცხადებით, ტიმ კუკის გამორჩეულმა ლიდერობამ Apple მსოფლიოს საუკეთესო კომპანიად აქცია. მისი თქმით, ჯონ ტერნუსი საუკეთესო კანდიდატურაა კუკის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად, რადგან მას პროდუქტების განვითარების მიმართულებით უდიდესი ცოდნა და გამოცდილება აქვს.

ცნობისთვის, ტიმ კუკის პერიოდში Apple-ის წლიური შემოსავალი თითქმის გაოთხმაგდა და 2025 ფისკალურ წელს $416 მილიარდს გადააჭარბა. ამჟამად კომპანიის აქტიური მოწყობილობების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 2.5 მილიარდს შეადგენს.

როგორც კუკი თავად აცხადებს, მართალია, ის კომპანიის ყოველდღიურ მართვას ჩამოშორდება, თუმცა თავმჯდომარის პოზიციიდან ის Apple-ის გლობალურ განვითარებაზე და სტრატეგიულ ექსპანსიაზე იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები