თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ელოდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა იყო.
“დღეს ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიმართ დასავლეთში ნდობა აღარ არსებობს - შედეგად, მოირღვა ის, რაც სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა”, - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
მისი აზრით, ამ ეტაპზე არც სანქციების მოხსნის ობიექტური წინაპირობები არსებობს. ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ სანამ ხელისუფლება მკაფიოდ არ ჩამოყალიბდება, თუ ვინ არის ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე, ვაშინგტონთან სერიოზულ დიალოგზე საუბარი შეუძლებელი იქნება.
შეგახსენებთ: 2024 წლის ნოემბერში აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მან გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო. გავიდა თითქმის 1.5 წელი და ამ დრომდე “ქართულმა ოცნებამ” აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვა ვერ მოახერხა. საქართველოს მთავრობა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაფუჭებაში კვლავ აშშ-ის წინა ადმინისტრაციას დებს ბრალს, მაგრამ ფაქტია, ვერც ტრამპის ადმინისტრაციასთან მოახერხა ურთიერთობების დალაგება. განცხადებები კეთდება, რომ მმართველი პარტია მზადაა, ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებისთვის, თუმცა პროგრესი და მზაობა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, ნაკლებად ჩანს - ამაზე მეტყველებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაზე ხელისუფლების რეაქცია. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება და მათაც უპასუხეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგან, თუმცა ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მსგავსი კითხვა არც მას და არც სხვებს არ დაუსვამს.
- ქალბატონო თინა, რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება - სურს თუ არა, რეალურად, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა?
- ერთადერთი სიმართლე, რომელსაც ისინი მუდმივად ამბობენ - და ეს აბსოლუტური სიმართლეა - არის ფრაზა, რომელსაც ხშირად იმეორებს ბატონი ირაკლი კობახიძეც და სხვებიც: ისინი მზად არიან, ამერიკასთან ურთიერთობები დაიწყონ „ნულოვანი მდგომარეობიდან“. მათი გადასახედიდან, ეს ნულოვანი მდგომარეობა, “სუფთა ფურცლიდან” დაწყებას ნიშნავს, თუმცა ეს სუფთა ფურცელი და ნულოვანი მდგომარეობა რეალურად გულისხმობს ურთიერთობის ისეთ მოდელს, როგორიც ამერიკას აქვს, ვთქვათ, აზერბაიჯანთან, ან ცენტრალური აზიის ქვეყნებთან – ტაჯიკეთთან, უზბეკეთთან, თურქმენეთთან; დაახლოებით ისე, როგორც ურთიერთობს არაბული სამყაროს ზოგიერთ იმ სახელმწიფოსთან, რომლებიც არ არიან დემოკრატიული ინსტიტუტების მქონენი. აი ასე, ზუსტად – სუფთა ფურცლიდან, ყოველდღიური წინაპირობების გარეშე, თუმცა დასავლური დაცვისა და მხარდაჭერის გარეშე. მათ ურჩევნიათ ურთიერთობა ჰქონდეთ ყველასთან, არ ჰქონდეთ არავისთან სანქციები და იყვნენ თავისუფალი მოქმედების რეჟიმში, ოღონდ ერთი პირობით - არ უნდა არსებობდეს დემოკრატია; არ უნდა არსებობდეს წინაპირობა, რომ ჩაატარონ დემოკრატიული არჩევნები და პატივი სცენ განსხვავებულ აზრს, მოუსმინონ ოპოზიციურ პარტიებს და ა.შ…
- თქვენი აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. ტრანზაქციული პოლიტიკის პირობებშიც გამორიცხულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა?
- იმის მიუხედავად, ვაშინგტონში იქნება დემოკრატიული დღის წესრიგის პოლიტიკა თუ იქნება ტრანზაქციული პოლიტიკა, ნებისმიერ შემთხვევაში, სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება ნდობას სახელმწიფოების მთავრობებს შორის - დღეს ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიმართ დასავლეთში ნდობა აღარ არსებობს - შედეგად, მოირღვა ის, რაც სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა... აზერბაიჯანს ან ცენტრალურ აზიას როდესაც ედრებიან, გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა (მით უმეტეს დღეს, ირანის კონტექსტის გათვალისწინებით), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები ერთად აღებული, მსოფლიოში - და არა მხოლოდ თავის სამეზობლოში - რესურსებით ყველაზე მდიდარი რეგიონია. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვინმეს ვედრებით… მაგრამ მათთან მიმართებით ისეთი კითხვები და პრობლემები, როგორიც საქართველოსთან ურთიერთობაში არსებობს, იმიტომ არ დგება, რომ მათ არაფერი შეუცვლიათ - მათ მიმართ სხვა ტიპის მოლოდინები არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, მათ არც არავინ მოუტყუებიათ და არც „გადაუგდიათ“, თუ ამ ჟარგონს გამოვიყენებთ. ირაკლი კობახიძის, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილის ანუ ზოგადად, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში კი, თბილისმა ამერიკელები უბრალოდ გადააგდო, მოატყუა და ყოველგვარი ნდობა თუ გაცემული კრედიტი გააქრო.
- რა მოთხოვნები შეიძლება იდოს დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელიც, მარკო რუბიოს თქმით, ხელისუფლებას უკვე ეცნობა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამტკიცებს, მსგავსი კითხვაც არ დაგვისვამსო…
- სინამდვილეში ამას ბოლომდე ვერც ამტკიცებენ… ირაკლი კობახიძემ ეს კი თქვა, თუმცა შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მაგიდაზე დევს საკითხები და იმაზე ვმუშაობთო. აბა, ეს საკითხები საიდან მოვიდა - ციდან ჩამოვარდა თუ ლავროვმა გამოუგზავნა, რომ ამაზე ელაპარაკეთ ამერიკელებსო?! რა თქმა უნდა, დღის წესრიგიც არსებობს და კონკრეტული საკითხებიც. ირაკლი კობახიძე საჯარო სივრცეში მუდმივად სვამდა კითხვას: „რა უნდათ, რა გადმოგვცეს, რა მოთხოვნები აქვთო?“ ცხადია, ეს საკითხები არსებობს, თუმცა შეიძლება ისინი იმ თანმიმდევრობით ან ზუსტად ისეთი ფორმით არ იყოს წარმოდგენილი, როგორც ამას წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პოლიტიკის კორექცია მოხდა. მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესი საკითხი, მაგალითად, არის პოლიტიკური სტაბილურობა. პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე საქართველოში შეუძლებელია რაიმე ტიპის ფართომასშტაბიან და გრძელვადიან პროექტებზე საუბარი, რადგან არ იცი, როდის მოხდება აფეთქება და რეჟიმის ცვლილება.
იმ პირობებში, როდესაც ამჟამინდელმა ცვლილებებმა ასეთი კატაკლიზმები გამოიწვია და საქართველო-ამერიკას შორის ნდობა და სტრატეგიული პარტნიორობა სრულიად მოიშალა, ამერიკა პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიების გარეშე ასეთ ქვეყანასთან სერიოზულ ურთიერთობებში აღარასოდეს შევა. პოლიტიკური სტაბილურობა არის დღის წესრიგის ნომერ პირველი საკითხი. ეს სტაბილურობა კი, ბევრი კომპონენტისგან შედგება. სავარაუდოდ, სწორედ ამ თემებზე მიმდინარეობს საუბარი - რამდენად იქნება გათვალისწინებული ის კომპონენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ ტრაექტორიას.
- ქვეყნის ტრაექტორიის შეცვლაში, სავარაუდოდ, ქვეყნის პოლიტიკური კურსიც იგულისხმება...
- დიახ, ტრაექტორიაზე საუბრისას, ბუნებრივია, იგულისხმება ის, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს. აი, ახლა ანაკლიის პორტის თემას რომ დავუკავშიროთ ეს ყველაფერი, ჩინური კომპანიის მონაწილეობით - როდესაც ტრაექტორიის შეცვლაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ “ქართული ოცნება” უნდა გაერკვეს თუ ვინ არის მტერი და ვინ - მეგობარი. „ქართული ოცნება“ ამაში უნდა გაერკვეს და ეს ყველასთვის ნათელი გახადოს. ამწუთას საქართველოში დევნიან და ებრძვიან სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ცნობილნი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პარტნიორობით, ერთობლივი პროექტებითა და საქმიანობით, რაც საქართველოს ინტერესების დაცვას და უკეთესი სახელმწიფოს შენებას ემსახურება. ამ ადამიანების წინააღმდეგ ომია გაჩაღებული. ამიტომ, ასეთ ვითარებაში, ურთიერთობის ტრაექტორიის ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ იმ კონტექსტშია შესაძლებელი, რომ უნდა გაირკვეს - ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე - ირანია თუ სხვა, და ვისთან ერთად საით მივდივართ…
- რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში თუ ეს კომუნიკაცია გაგრძელდა და ამერიკული დელეგაციების ვიზიტები კიდევ შედგა საქართველოში (ან პირიქით)? მაქსიმუმ რას შეიძლება მიაღწიოს ქვეყანამ - სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოსალოდნელია?
- არა, „ქართული ოცნების“ პირობებში სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ნამდვილად არ ველოდები. სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ნიშნავს ყველაფერ იმას, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაშია გაწერილი: სამხედრო თანამშრომლობა, ურთიერთობები სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსფეროსთან, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაციის განვითარება და ა.შ. ამას, რა თქმა უნდა, არ ველოდები, აქ ნულოვანი მოლოდინი მაქვს. მაქსიმუმი, რის მოლოდინიც შეიძლება გვქონდეს, არის ერთგვარი „ტრამპ-თაუერის“ ტიპის პროექტები ანუ ეს ურთიერთობები გადაითარგმნოს კონკრეტულ, მცირე მასშტაბიან პროექტებში, როგორც დასაწყისი - მოდი, მოვსინჯოთ, იქნებ რამე გამოვიდესო… რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მაგალითად, სანქციების მოხსნას - არც ამას ველოდები, რადგან ამისათვის დღეს, სამწუხაროდ, არანაირი ობიექტური და ლოგიკური წინაპირობა არ არსებობს. მხოლოდ მივესალმებოდი და ბედნიერი ვიქნებოდი, ეს წინაპირობები რომ ჩანდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.




























