გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორის ზვიად კვარაცხელიას აზრით, “ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ამ ქვეყანას ერთი კაცის ბოსტანი ერქვას“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
მწერალი და მთარგმნელი პროევროპული უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არცერთ ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას ურეაქციოდ არ ტოვებს.
ზვიად კვარაცხელიას მიაჩნია, რომ მმართველი პარტია ცდილობს, საქართველო იმ გზაზე დააბრუნოს, რაც ქვეყანამ უკვე გამოიარა.
„საქართველომ როცა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, უარი თქვა საბჭოთა მმართველობაზე, კრემლის ორბიტაზე ყოფნაზე. შესაბამისად, ავტორიტარულ ქსელში ყოფნაზე. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ქვეყანამ პირდაპირი ნაბიჯი გადადგა დასავლეთისკენ, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ“, - აცხადებს ზვიად კვარაცხელია.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნაბიჯები - რეპრესიული კანონები, აზრის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პროტესტს მხოლოდ აძლიერებს.
„მიუხედავად ყველანაირი ხელის შეშლისა, უწყვეტი პროტესტი ძლიერდება. ჩვენს ხალხს აღარ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის... „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანა ერთი კაცის ბოსტნად აქციოს, მაგრამ ეს ხალხი არასოდეს დაემორჩილება ერთ კაცს,“ – აცხადებს მწერალი.
ზვიად კვარაცხელიამ ინტერვიუში არაერთხელ გაიმეორა, რომ სოლიდარობა, მუდმივი პროტესტი და მოქალაქეთა ჩართულობა არის ერთადერთი გზა საქართველოს დამოუკიდებლობის და ევროპული არჩევანის დასაცავად.
TV გადაცემა „წერტილში“ გამომცემელმა ასევე ისაუბრა, როგორ წარმოუდგენია წინააღმდეგობის მოძრაობის გაგრძელება. მისი აზრით, მართალია, „პროტესტი ფეხზე დგას“, მაგრამ მასშტაბი საკმარისი არ არის, ამიტომ მისი გაფართოებაა საჭირო.
მისივე განცხადებით, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გააქრო და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებს, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ თითოეული მათგანი პოლიტიკოსია.
„პოლიტიკა... პოლიტიკოსები... - ამ სიტყვებს გვაიძულებდნენ ჩვენ და გვეუბნებოდნენ: „პოლიტიკაში რა გინდა“, „პოლიტიკა ბინძურია“ და ა.შ. ეს საგანგებო ხრიკია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომელთაც სურთ, ადამიანმა, რომელსაც სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე ხმის ამოღება და კრიტიკული აზრი გამოთქმა უნდა, თავი შეიკავოს, ვინაიდან ნებისმიერი რამე შეიძლება პოლიტიკურ აქტივიზმში ჩაუთვალონ. ამ დროს, ლიტერატურიდან ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს - თითქმის ყველა ქართველი მწერალი იყო პოლიტიკაში. ზოგი - პარტიებში, აქტიურ პარტიულ ცხოვრებას ეწეოდა და საერთოდ, მე-19 საუკუნის 60-იანი წლების და მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაფუძნებულია მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებზე, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობაში იყვნენ ჩაბმულები. გავიხსენოთ, ერთი მხრივ, ილია ჭავჭავაძე და "თერგდალეულთა" დასი და მეორე მხრივ, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მე-20 საუკუნეში...
ამდენად, თითოეულმა მოქალაქემ ჩვენი, როგორც პოლიტიკური აქტორის როლი ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების განმავლობაში, არასდროს არ ყოფილა ასეთი მძაფრი და საჭირო პოლიტიკურ ველზე ყოფნა, თავისუფალი საზოგადოების დაცვა, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ზრუნვა, დასავლური ორიენტირების უფრო გამოკვეთა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც დღეს. ჩვენ ყველას ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს...
ჩვენ იზოლირებულ სივრცეში ხომ არ ვცხოვრობთ?! ჩვენ ერთმანეთის გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, ერთად ვატარებთ უამრავ დროს, ჩვენი შვილები ერთ სკოლებში სწავლობენ და თუ პოლიტიკას უწოდებენ ამ საერთო გარემოზე ზრუნვას, რომელიც ჩემ თვალწინაა, თითოეული ჩვენგანი პოლიტიკოსები ვართ; პოლიტიკოსები ვართ სკოლის ასაკიდან, ბაღის ასაკიდანაც კი და ნებისმიერ ასაკში, ჩვენ გვევალება, ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ და გარემო, სადაც ვცხოვრობთ, უკეთესობისკენ შევცვალოთ“, - განაცხადა ზვიად კვარაცხელიამ.




























