საკონდიტრო კომპანია „ტკბილის“ გაყიდვები და მომხმარებელთა რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა თინა თავართქილაძემ BMGTV-ის გადაცემაში “ქალების ნარატივი” განაცხადა, ზრდა ცნობადობის მატებასა და ბიზნესის სპეციფიკურ მოდელს უკავშირდება.
მისი განმარტებით, კომპანია ბაზარზე სამი წელია ოპერირებს და ამ ეტაპზე ორი ფილიალით არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის შედეგები გასული წლის სრულ მაჩვენებლებთან ჯერ არ შეუჯამებიათ, პირველადი დინამიკა დადებითია.
„თუ შევადარებთ წინა წლის პირველ ექვს თვეს ამ წლის ექვს თვეს, ამ შემთხვევაში დინამიკა ნამდვილად გაზრდილია, მომხმარებლების რაოდენობაც გაზრდილია, შესაბამისად, გაყიდვებიც გაზრდილია. მოთხოვნაც უფრო მეტად წამოვიდა ჩვენს კომპანიაზე და დაინტერესებაც მეტია.
ჩვენი საკონდიტრო არ არის სტანდარტული. ჩვენთან ნამცხვრები შეკვეთის დროს მზადდება. ყველამ იცის, რომ პროდუქტი, რომელსაც ვთავაზობთ, არის ახალი და მისთვის შექმნილი. ეს არის ძირითადი კონცეფცია, რომელსაც ჩვენი საკონდიტრო მიჰყვება. რაც უფრო მეტი ადამიანი გვიცნობს და ჩვენი სახელი უფრო მეტ ადგილას ჟღერდება, დაინტერესებაც და გაყიდვებიც იზრდება“, - განაცხადა თინა თავართქილაძემ.
კომპანიის საქმიანობაზე გავლენას ახდენს ნედლეულის გაძვირებაც. თავართქილაძის თქმით, გამოწვევა მხოლოდ კაკაოსა და შოკოლადის ფასების ზრდა არ არის - გაძვირებულია როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების ნედლეული. შედეგად, ბიზნესს პროდუქციის ფასების კორექტირება უწევს, თუმცა კომპანია ცდილობს, ფასების ცვლილება მომხმარებლისთვის მისაღებ ფარგლებში შეინარჩუნოს.
„ბიზნესში მარტო ფასების ზრდა არ იწვევს გამოწვევებს - ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს და ყოველდღიურად ვეჭიდებით. რა თქმა უნდა, გვიწევს, ავყვეთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მხოლოდ კაკაოსა და შოკოლადის გაძვირება არ არის, ყველა ნედლეულის ფასი გაზრდილია, იქნება ეს იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების.
სამწუხაროდ, ჩვენც მოგვიწია ფასების დაკორექტირება, მაგრამ ეს არ არის ნედლეულის ფასების ზრდის პირდაპირ პროპორციული. ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ფასები მიუღებელი არ გახდეს ჩვენი სტუმრებისთვის, დამკვეთებისა და მომხმარებლებისთვის. ვუფრთხილდებით მათთან ურთიერთობას და არ გვინდა, ფასის გამო მომხმარებელი დავკარგოთ“, - აღნიშნა მან.
თავართქილაძის განცხადებით, კომპანიისთვის ხარისხის შენარჩუნება პრიორიტეტულია. მისი თქმით, ბიზნესი მუდმივად ცდილობს, ბაზრის ცვლილებებსა და მომხმარებელთა გემოვნებას ფეხი აუწყოს, მათ შორის, დანერგოს ტექნოლოგიური სიახლეები და მოთხოვნის შესაბამისად განაახლოს ასორტიმენტი.
რაც შეეხება მომხმარებელთა ინტერესს უშაქრო და უგლუტენო პროდუქციის მიმართ, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, „ტკბილს“ ტრადიციული, ევროპული და დიეტური ნამცხვრების ხაზები აქვს, თუმცა კონკრეტულად უგლუტენო პროდუქციაზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნა არ ფიქსირდება.
„ჩვენი საკონდიტრო მოიცავს რამდენიმე ხაზს: გვაქვს ტრადიციული, შინაურული ნამცხვრები, ჩვენი ბებიების რეცეპტებით; გვაქვს ევროპული ნამცხვრები, უფრო დახვეწილი რეცეპტებით, და გვაქვს დიეტური ხაზიც, რომელსაც ასევე ითხოვენ. რომ ვთქვა, კონკრეტულად უგლუტენოზე ან განსხვავებულ პროდუქციაზე ჩვენს საკონდიტროში დიდი მოთხოვნაა, ასე არ არის. ჩვენს მომხმარებლებს უკვე გამოცდილი აქვთ პროდუქცია, იციან, რას გვიკვეთავენ და უყვართ ჩვენი ნამცხვრები. თუმცა, თუ მომხმარებელს კონკრეტული ცვლილება ან განსხვავებული პროდუქტი სურს, ვცდილობთ, ეს მოთხოვნაც დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა თინა თავართქილაძემ.
კომპანია წლის ბოლომდე გაყიდვების სრულ შედეგებს ჯერ არ აჯამებს. შესაბამისად, წლიური დინამიკის საბოლოო შეფასება მოგვიანებით გახდება შესაძლებელი.
























