თხევადი გაზის ბაზარი სტაბილურია, თუმცა რეგიონული კონფლიქტები ფასებზე ირიბ გავლენას ახდენს - ამის შესახებ BMG-სთან „თხევადი გაზის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია საუბრობს.
მისი თქმით, ამჟამად, ბაზარზე მკვეთრი ცვლილებები არ შეინიშნება და ფასის მერყეობა ბუნებრივი პროცესების ფარგლებში ჯდება.
„დღეის მდგომარეობით, ვითარება სტაბილურია. შეინიშნება ძალიან მცირე რყევები, რაც დაახლოებით 5-დან 10 თეთრამდეა ლიტრზე. ეს ბუნებრივი პროცესია და საქართველოს ბაზარზე რაიმე დიდი რყევები ამ მომენტისთვის არ ფიქსირდება. თხევადი გაზის ფასი ამჟამად 1.30-დან 1.35 ლარამდე მერყეობს“, - ამბობს ნიკა ხოფერია BMG-სთან.
მისივე თქმით, ფასების მცირედი მატება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის საერთაშორისო ბირჟებზე გაჩენილი მოლოდინებით.
„მცირედ მატებას იწვევს ხოლმე როგორც დეფიციტი, ისე სეზონური გადაადგილება და, რასაკვირველია, ის პანიკა, რომელიც ბირჟაზე იყო - მოლოდინები იმისა, თუ რა და როგორ მოხდებოდა. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შუა აზიას მეტი მოხმარება დასჭირდება, რადგან ირანიდან აღარ მიეწოდება. შესაბამისად, შუა აზიის იმ რეგიონებში, რომლებსაც ირანი ამარაგებდა, დეფიციტია, რაც ჩვენზეც ირიბად აისახება“, - განმარტავს ნიკა ხოფერია.
თუმცა მისივე თქმით, საქართველოს ბაზრისთვის, მიწოდების ჯაჭვში შეფერხებები მოსალოდნელი არ არის, რადგან, გათხევადებული აირი ქვეყანაში ძირითადად, რუსეთიდან შემოდის.
„მიწოდების ჯაჭვში შეფერხებებს არ ველოდებით, პროდუქტს ისევე მოგვაწვდიან, როგორც მანამდე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინა აქტიურად აზიანებს რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურას. რთული სათქმელია, ეს პროცესები რა დონეზე და როგორ გაგრძელდება, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურის დაზიანება და ახლა უკვე ირანთან დაკავშირებული დაძაბულობა ნავთობპროდუქტებზე კიდევ უფრო მეტ რყევებს იწვევს“, - ამბობს ნიკა ხოფერია BMG-სთან.
რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, ნიკა ხოფერია ფასების რადიკალურ ზრდას არ ელის, თუმცა თვის ბოლოსთვის კორექტირებას არ გამორიცხავს.
„ფასის კორექტირება, შესაძლოა, თვის შუა რიცხვებიდან ნელ-ნელა დაიწყოს ან თვის ბოლოსკენ მოხდეს, თუმცა რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მიწოდება ქარხნების მხრიდან და როგორი მდგომარეობა იქნება ბირჟაზე“, - აღნიშნავს ის.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 443 მლნ 835 ათასი დოლარის ღირებულების ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები შემოვიდა. 2024 წელს კი, იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება 435 მლნ 533 ათასს აღწევდა.




























