ევროკავშირის ბაზრიდან დაბინძურებული პროდუქციის უკან დაბრუნების გახშირებული შემთხვევები ექსპორტიორებისთვის კატასტროფულ ფინანსურ ზარალთან არის დაკავშირებული და ზოგიერთ კომპანიას გაკოტრების საფრთხესაც კი უქმნის - ამის შესახებ BMG-სთან თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა საუბრობს.
მისი თქმით, ტვირთების დაბრუნება ან განადგურება კომპანიებისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია. პრობლემის სათავე კი აფლატოქსინით დაბინძურებაა, რაც სექტორის „მოდუნებასთან“ არის დაკავშირებული.
მერაბ ჭითანავა ამბობს, რომ ადრე ყოველი 100 მანქანიდან 30 მოწმდებოდა, რაც მოგვიანებით 20-მდე ჩამოვიდა, თუმცა კონტროლის მექანიზმების შესუსტებამ პრობლემები კვლავ ზედაპირზე ამოიტანა:
„ამის მიზეზი ძირითადად ისაა, რომ მოუვლელი თხილი, რომელსაც ფერმერები სეზონის დასაწყისში ყიდიან, სველ მდგომარეობაში ინახება მოუწესრიგებელ საწყობებში. შემდგომ ეს მუშავდება სოფლებში არსებულ არასერტიფიცირებულ მცირე საწარმოებში, რომლებსაც არ გააჩნიათ HACCP სტანდარტი და ვერ იცავენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს",- განმარტავს ის.
ჭითანავას თქმით, ექსპორტიორები ხშირად რისკზე მიდიან და დიდ პარტიებს ამ მცირე, საეჭვო ხარისხის მქონე პროდუქციას ურევენ, რაც საბოლოოდ მთელ ტვირთს აბინძურებს.
სექტორისთვის კიდევ ერთი სირთულე ადგილობრივი და ევროპული ლაბორატორიების შეუსაბამობაა. მერაბ ჭითანავა აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებულ ანალიზს ევროკავშირში იურიდიული ძალა არ აქვს.
„საქართველოში თხილის ანალიზი მოწმდება მშრალი მეთოდით, რომელიც არ არის მაინცდამაინც ეფექტური. სასურველია სველი მეთოდით შემოწმება, მაგრამ ლაბორატორიებს ამის რესურსი არ გააჩნიათ. ცუდია ისიც, რომ აქ მიღებულ ანალიზს აქვს მხოლოდ პრევენციული ხასიათი და მას ევროკავშირის ლაბორატორიებთან მიმართებით გასაჩივრების ძალა არ აქვს”, - ამბობს მერაბ ჭითანავა BMG-სთან.
ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გამოსავალი ინფრასტრუქტურის განვითარებაშია. მისი თქმით, რეგიონებში დაახლოებით ათჯერ მეტი საწყობი და საშრობი პუნქტია საჭირო, ვიდრე დღეს არსებობს.
„ყველაზე მარტივი გზაა, რომ გაუტეხავი თხილი სეზონის დასაწყისში ქარხანამ შეიძინოს, დააშროს და გამშრალი თხილით ივაჭროს, თუმცა ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ჩვენი საფინანსო სექტორი კი თხილის დარგს მაინცდამაინც არ სწყალობს. ერთი კონტეინერი რომ უბრალოდ გაუნადგურონ რომელიმე ქარხანას, ეს იმხელა ზარალია, რომ ხუთი წელი დასჭირდება წარმატებული მუშაობა მის ასანაზღაურებლად”, - აცხადებს მერაბ ჭითანავა.
საქართველოდან თხილის ექსპორტის მოცულობა მზარდია, თუმცა სექტორი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას - გახშირდა შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო ბაზრიდან, განსაკუთრებით ევროკავშირიდან, პროდუქცია უკან ბრუნდება. მიზეზი აფლატოქსინით დაბინძურებაა, რაც ექსპორტიორებს უდიდეს ზარალს აყენებს. დარგის წარმომადგენლების განმარტებით, ერთი 22-ტონიანი კონტეინერის ღირებულება დაახლოებით 750 000 ლარია, ხოლო მისი უკან დაბრუნება ან განადგურება ზოგიერთ კომპანიას გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებს. სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ამ ტენდენციამ საგანგაშო სახე მიიღო, რადგან, მოსავლის ხარისხში პრობლემები გასულ წელს განსაკუთრებით გახშირდა.




























