პროექტ "შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, თხილის შენახვა-გადამუშავების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, 80 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხებია გაცემული, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 24 მლნ ლარს აღემატება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება. აღნიშნულიდან მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 54,6 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 16,7 მლნ ლარს აღემატება.
ერთ-ერთი ბენეფიციარი თხილის გადამმუშავებელი საწარმო "ჯიმა ნუთსია", რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 2020 წელს ამოქმედდა. კომპანიამ საწარმოს შექმნისათვის 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში, სადაც დასაქმებულია 35 ადამიანი, 1500 ტონა გაუტეხავი თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. 2022 წლიდან, კომპანია წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს, ძირითადად, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.
„ჯიმა ნუთსის“ თხილის გადამმუშავებელ საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეცნო. როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, თხილის წარმოება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. "ოცნების" მინისტრის განცხადებით, ფაროსანა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება და სამინისტრო წელსაც აქტიურ სამუშაოებს განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით, თუმცა, მისი თქმით, კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ადგილობრივი ფერმერების აქტიურობა.