მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თხილის სუბსიდირების პროგრამას გაზომვადი სამიზნე მაჩვენებლები არ აქვს - აუდიტის სამსახური

კახური თხილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თხილის სუბსიდირების პროგრამას, რომელზეც წელს 20 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება სამიზნე მაჩვენებლები არ აქვს.

"თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ (31 05 18) ქვეპროგრამის მიზნობრივი მაჩვენებელია
„გაუმჯობესებული ხარისხის თხილის გაზრდილი მოსავლიანობა“. ქვეპროგრამას არ გააჩნია
კონკრეტული, გაზომვადი სამიზნე მაჩვენებელი,"- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა მთავრობამ 2022 წელს, თხილის საექსპორტო შემოსავლების კლების პარალელურად დაამტკიცა. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში, ჯამურად 20.9 მლნ ლარი დაიხარჯა, 3 ჰექტარამდე ფართობების თხილის ბაღის მფლობელმა ფერმერებმა 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს. გასული წლის ანალოგიურად პროგრამის ბიუჯეტი წელსაც 20 მილიონი ლარი იქნება.

საქართველოდან თხილის ექსპორტი პიკური 2014 წელს იყო, როდესაც საექსპორტო შემოსავლები 183 მილიონ დოლარს აღემატებოდა. 2017 წლიდან, ანუ ფაროსანას გავრცელების შედეგად, ექსპორტის მოცულობა მკვეთრად შემცირდა. მას შემდეგ საქართველოდან თხილის ექსპორტის შემოსავალმა $100 მილიონს მხოლოდ 2021 და 2022 წლებში გადააჭარბა, 2023 წელს კი 89 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

2024 წლის პირველ 4 თვეში კი საექსპორტო შემოსავალი 15%-ით შემცირდა და მან $27 მილიონი შეადგინა. ექსპორტზე სულ 4 ათასი ტონა თხილი გავიდა.

საქართველოდან თხილის ექსპორტის მოცულობა ბოლო 10 წელში ასე ნაწილდება:

წელი მილიონი დოლარი ტონა
2013 $166.7 30,289
2014 $183.4 19,934
2015 $176.6 19,440
2016 $179.7 27,175
2017 $83.2 15,272
2018 $69.5 12,924
2019 $66.9 13,356
2020 $94.1 17,906
2021 $118.4 24,927
2022 $102.6 24,738
2023 $89.5 18,802

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები