უახლესი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წელს ავიაკომპანიებმა მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 4.8 მილიარდი მგზავრი გადაიყვანეს, რითაც პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბეს და რეისების დატვირთვის რეკორდული კოეფიციენტი დააფიქსირეს.
ავიაკომპანიების რეიტინგი, გადაყვანილი მგზავრების საერთო რაოდენობის მიხედვით, ნათლად გვიჩვენებს, თუ ვინ აკონტროლებს მოგზაურობას იმ დროს, როცა მოთხოვნა აღდგენილია, ხოლო გამტარუნარიანობა ზოგიერთ ბაზარზე კვლავ შეზღუდულია.
TOP 10 ავიაკომპანია, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით:
American Airlines Group
2024 წელს გადაყვანილი დაახლოებით 225 მილიონი მგზავრით, American Airlines Group მგზავრთა რაოდენობით მსოფლიოს უდიდეს საავიაციო ჯგუფად რჩება. მისი სიძლიერე აშშ-ის უზარმაზარ შიდა ბაზარს ეფუძნება, რომელსაც ემატება ძლიერი ქსელი ტრანსატლანტიკურ და ლათინური ამერიკის მიმართულებებზე. 2024 წელს კომპანიამ მგზავრებს გლობალურად ყველაზე მეტი - 275 მილიონზე მეტი დასაჯდომი ადგილი შესთავაზა.
Delta Air Lines
"დელტამ" 2024 წელს დაახლოებით 200 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და შემოსავლების, მოგებიანობისა და ბრენდის ღირებულების მიხედვით, მუდმივად გლობალური ლიდერების რიგებშია.
"დელტას" სტრატეგია აქცენტს აკეთებს პრემიუმ სალონებზე, ლოიალობის პროგრამებსა და ოპერაციულ საიმედოობაზე.
Ryanair Group
დაახლოებით 183.7 მილიონი მგზავრით Ryanair არა მხოლოდ ევროპის უდიდესი საავიაციო ჯგუფია, არამედ ერთადერთი ულტრა-დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მსოფლიო სამეულში. მისი "წერტილიდან წერტილამდე" (point-to-point) მოდელი, თვითმფრინავების მაღალი დატვირთვა და ბოინგ 737-ებით დაკომპლექტებული უნიფიცირებული ფლოტი უზრუნველყოფს კომპანიის ხარჯების უკიდურესად დაბალ ნიშნულს.
United Airlines Holdings
United-მა დაახლოებით 174 მილიონი მგზავრი გადაიყვანა ჩიკაგოს, დენვერის, ჰიუსტონის, ნიუარკისა და სან-ფრანცისკოს ძლიერი ჰაბების მხარდაჭერით. კომპანიის სტრატეგია ფოკუსირებულია შორ მანძილზე ფრენების გაფართოებაზე (განსაკუთრებით ევროპის, ინდოეთის და აფრიკის მიმართულებით) და პარტნიორობის გაღრმავებაზე.
Southwest Airlines
Southwest-ის 140 მილიონი მგზავრი ასახავს მის სტატუსს, როგორც აშშ-ის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიისა. ის ოპერირებს მხოლოდ ბოინგ 737-ის ტიპის ფლოტით, ძირითადად შიდა, "წერტილოვანი" ქსელით და ეყრდნობა თვითმფრინავების მაღალ გამოყენებადობასა და ძლიერ ბრენდულ ლოიალობას.
Lufthansa Group
Lufthansa Group, რომელიც აერთიანებს Lufthansa-ს, Swiss-ს, Austrian-ს, Brussels Airlines-სა და Eurowings-ს, 2024 წელს 131 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ჯგუფი ეყრდნობა ფრანკფურტის, მიუნხენის, ციურიხის, ვენისა და ბრიუსელის ჰაბებს და გვთავაზობს პრემიუმ კლასის შორ მანძილზე ფრენებისა და ევროპული დამაკავშირებელი რეისების ფართო ნაზავს.
International Airlines Group (IAG)
IAG - British Airways-ის, Iberia-ს, Aer Lingus-ის, Vueling-ისა და LEVEL-ის მფლობელი კომპანია - 122 მილიონ მგზავრს მოემსახურა. უახლესი ფინანსური შედეგები მიუთითებს მაღალ მოგებიანობასა და მარჟებზე, რაც განპირობებულია ძლიერი ტრანსატლანტიკური მოთხოვნით და შემოსავლების აღდგენით საკვანძო გრძელვადიან მარშრუტებზე.
IndiGo
IndiGo-მ 118.6 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რითაც გახდა ერთადერთი ინდური ავიაკომპანია გლობალურ ათეულში და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი გადამყვანი მსოფლიოში.
Air France–KLM
98 მილიონი მგზავრით Air France–KLM რჩება ევროპის ერთ-ერთ საკვანძო ჯგუფად.
ჯგუფი ინვესტიციას დებს ფლოტის მოდერნიზაციასა და მდგრადობაში, პარალელურად კი არეგულირებს გამტარუნარიანობას მთავარ ჰაბებში არსებული სლოტებისა და გარემოსდაცვითი შეზღუდვების საპასუხოდ.
Turkish Airlines
თურქეთის ავიახაზებმა დაახლოებით 83.4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ემსახურება უფრო მეტ ქვეყანას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ავიაკომპანია მსოფლიოში. ის იყენებს სტამბოლს, როგორც სუპერ-ჰაბს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, აფრიკასა და აზიას შორის.
2025 წლის პროგნოზით, IATA (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) ვარაუდობს, რომ მგზავრთა გლობალური რაოდენობა 5 მილიარდს მიუახლოვდება, ხოლო მოთხოვნა ისტორიული ზრდის ტემპებს დაუბრუნდება.
Airline Information-ის მონაცემებით, ხელმისაწვდომი მიმართულებების რაოდენობის მიხედვით ლიდერთა ათეული მცირედით განსხვავდება. რეიტინგში ვხვდებით კომპანიებს, რომლებიც რეისებს 6 კონტინენტის მასშტაბით ასრულებენ.
- United Airlines – 370 მიმართულება
- American Airlines – 363 მიმართულება
- Delta Air Lines – 313 მიმართულება
- Turkish Airlines – 287 მიმართულება
- Ryanair – 233 მიმართულება
- China Eastern Airlines – 232 მიმართულება
- China Southern Airlines – 230 მიმართულება
- British Airways – 212 მიმართულება
- Air China – 209 მიმართულება
- Air Canada – 201 მიმართულება




























