მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 დეველოპერული პროექტი, რომელიც 2023 წელს დაანონსდა

დეველოპმენტი

2023 წელი სამშენებლო-დეველოპერულ სექტორისთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 11 თვის მონაცემებით, ტრანზაქციების რიცხვი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზარი ჯანსაღია და ის სტაბილურად ვითარდება.

ბიზნესს რომ მოთხოვნის ნაწილში პოზიტიური მოლოდინები აქვს, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2023 წელს არაერთი მასშტაბური პროექტი დაანონსდა.

გთავაზობთ TOP 10 პროექტს, რომელიც გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტის" შეფასებით, ყველაზე გამორჩეული კონცეფციისა და მნიშვნელობის იყო.

1) „ცათამბრეჯენები გმირთა მოედანზე“ - წლის ბოლოს თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანთან მრავალფუნქციური ცენტრის პროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში 52 და 40-სართულიან შენობებში აშენდება. თითოეულში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

2) „ალიანს რენესანსი“ – სპორტულ გამაჯანსაღებელი პროექტი ქობულეთში, რომელსაც სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ აშენებს. კომპლექსი საერთო პოდიუმით აკავშირებს A, B, და C თაუერებს, ისევე როგორც დამოუკიდებელ, 14 სართულიან, საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და მის უნიკალურ, 25 სახეობის თერაპიული პროცედურების სივრცეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 000 000$-ია.

3) „VR Vake Skyview Tower“ - კომპანია VR Holding-ის პრემიუმ კლასის პროექტია, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, კერძოდ, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას განთავსდება. მისი სიმაღლე 180 მეტრი იქნება, რითაც თბილისში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს შეიძენს.

მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედნის მოწყობაც იგეგმება.

4)„საკენი“ & „მატიანი“ - 2023 წლის მაისში დეველოპერულ ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე „ბიოგრაფი ლივინგი“ გამოჩნდა, რომელიც "ვისოლ ჯგუფის" პორტფელში შემავალი კომპანიაა. წლის განმავლობაში „ბიოგრაფი ლივინგმა“ ბაზარს ორი საცხოვრებელი პროექტი წარუდგინა.

„საკენი“ რომელიც 90,000 კვ.მ.-ს აჭარბებს და აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. მეორე კი "„მატიანია,“ რომელიც დიდუბეში წერეთლის #45-ში აშენდება. ეს იქნება მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ ფართებს გააერთიანებს. პროექტს ექნება 25 მეტრიანი საცურაო აუზი, სპა და ფიტნესი. 31-სართულიანი კომპლექსის ფართი 60,000 კვ.მ.-ა, მომხმარებელს კომპლექსში ბინადრობა 2026 წლიდან შეეძლება.

5) "არქი მაიამიში“ - კომპანია „არქი“ ამერიკულ დეველოპერულ კომპანია „ელიტ გრუპთან“ პარტნიორობით ფლორიდის შტატში, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ სახლს აშენებს. ის 97 ბინას, აუზს, საერთო სამუშაო სივრცეს, ლაუნჯს, გოლფის სათამაშო სივრცეს, შიდა/გარე ფიტნეს ცენტრებსა და 129 საპარკინგე ადგილს გააერთიანებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მლნ დოლარს შეადგენს. მისი დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი.

6) „ლისი ტრიო“ - მულტიფუნქციური პროექტია ლისის ტბის მიმდებარედ, რომელიც 60 000 კვ.მეტრზე შენდება და საცხოვრებელთან ერთად, საოფისე და კომერციულ ფართებს გააერთიანებს. ახალი კომპლექსი ამაშუკელის ქ #5 ხორციელდება და სამ 15 სართულიან კორპუსს, 200 საპარკინგე ადგილზე გათვლილ ორ მიწისქვეშა სართულს გააერთიანებს. პროექტის ბიუჯეტი 35$ მლნ-ია.

7) „ცენტრალ პარკ თაუერი“ - თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, კომპანია „ორბი ჯგუფი“ და „ბლოკ ჯგუფი“ 300$ მლნ-იან პროექტს აშენებენ. პროექტი 140 000 კვ/მ ფართობისგან შედგება და ორ 42-სართულიან თაუერსს 6-სართულიანი პოდიუმით გააერთიანებს. "ცენტრალ პარკ თაუერსი", 1500-ნომრიანი 25-ი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე ოპერირებას “რედისონ ბლუ” განახორციელებს. პარკ თაუერსი პირველ სტუმრებს 2025 წლის მაისში მიიღებს.

8) „პეტრა სი რეზორტი“ - ციხისძირში მშენებარე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც 42 შენობას მოიცავს. ცენტრალურ შენობაში 150-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე, ყველაზე მაღალ 54-სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს. „პეტრა სი რეზორტის“ მხოლოდ 30%-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინსფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.

9) “სითიზენი“ – 300$ მლნ-იანი პროექტი, რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე, ე.წ. ზაკვოს შენობის ადგილას ხორციელდება. პროექტი "სითიზენი" 46 000 კვ/მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. კომპლექსი ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი 32 სართულიანი თაუერისგან შედგება. ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე, ხელოვნურ ტბა, ZEN სივრცე, იაპონურ ბაღი და საბავშვო მოედანი მოეწყობა.

10) „იდეა პანორამა“ - კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც კომპანია "იდეა დეველოპმენტმა" 2023-ში წარადგინა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 100მლნ ლარზე მეტია. პროექტი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარეობს და 3 ჰა-ს მოიცავს.

კომპლექსი სამი დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც განთავსდება სკვერი საბავშვო-სათამაშო ზონებით, პადელის მოედანი, ასევე საერთო სარეკრეაციო ზონები, მათ შორის სასეირნო ბილიკები და გამწვანებული ტერასა. მშენებლობა ეტაპობრივად წარიმართება, მისი დასრულება კი 2025 წლის შემოდგომაზეა გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები