მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტ რძეს აწარმოებენ

რძის წარმოება

რძე ადამიანის რაციონის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც დედამიწის სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა ფორმით და ინტენსივობით მოიხმარენ. რძის წარმოება სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ აქტივობებშიც. 1960-იანი წლებიდან დღემდე, რძის გლობალური წარმოება თითქმის გასამმაგდა და 2023-24 წლებში 667 მილიონ ტონას გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ეს სექტორი ზრდის მომენტუმს შეინარჩუნებს და მსოფლიო წარმადობა 0.8%-ით, 673 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

ქვეყნებს შორის რძის წარმოებით ინდოეთი ლიდერობს. გასულ წელს გლობალური წარმოების თითქმის 25% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდიოდა. ბოლო ათწლიან პერიოდში ინდური რძის წარმოება 58%-ით გაიზარდა და, 2024 წლის მონაცემებით, 208,9 მილიონი ტონა შეადგინა. ქვეყანა რძის წარმოების ერთგვარ დედაქალაქადაც მოიაზრება, რადგან ინდოეთში პირუტყვის მოშენების ტრადიციასთან ერთად, ინდუსტრიის ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ წელს რძის წარმადობამ 102 მილიონი ტონა შეადგინა. პროდუქტი ქვეყნის ეკონომიკაში არსებით როლს ასრულებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკული საუზმის განუყოფელი ნაწილია, არამედ იმიტომაც, რომ რძის პროდუქტები შტატების ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია.

რძის პროდუქტების ინდუსტრია სწრაფი ტემპით იზრდება პაკისტანშიც, სადაც გასულ წელს 65,7 მილიონი ტონა რძე აწარმოვეს. პაკისტანში მეცხოველეობის სექტორი ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ძრავია, რაც, თავის მხრივ, რძის წარმადობის ზრდას განაპირობებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ფერმერები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, იქნება ეს ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული სიმწირე თუ განათლების ნაკლებობა.

კიდევ ერთი აზიური ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ რძეს აწარმოებს, ჩინეთია, სადაც გასული წლის წარმადობამ 41,2 მილიონი ტონა შეადგინა. საკვებისა და სასმელების მიმართულებით, რძის ინდუსტრია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რადგან პროდუქტი ადგილობრივებისთვის ჯანსაღი კვების ფუნდამენტურ ელემენტად მიიჩნევა. კოვიდპანდემიის შემდეგ რძის სასარგებლო თვისებებზე ჩინელი ექიმები უფრო და უფრო მეტს საუბრობენ, რამაც პროდუქტზე შიდა მოთხოვნაც გაზარდა.

რძის ინდუსტრია სწრაფი ტემპით იზრდება ბრაზილიაშიც, სადაც მეცხოველეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემოა. კლიმატისა და კულტურის გაერთიანებით, შემთხვევითი არაა, რომ სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა რძის წარმოებით მეხუთე ადგილზეა, 2024 წლის წარმადობამ კი 36,6 მილიონი ტონა შეადგინა.

ათეულში პირველი ევროპული ქვეყანა გერმანიაა, სადაც გასულ წელს 33 მილიონი ტონა რძე აწარმოვეს. თავად ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრიც აღნიშნავს, რომ არსად ევროპაში არ იწარმოება იმდენი რძე და ხორცი, რამდენიც - გერმანიაში. შესაბამისად, ფერმერთა ძირითადი ნაწილისთვის საქონლის მოშენება ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი გათვლაა, რაც, თავის მხრივ, ინდუსტრიის ზრდას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ძირითადი ნაწილი დაუსახლებელია და იქ არც პირუტყვის მოშენებისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, რძის მწარმოებელთა ქვეყნებს შორის ის მეშვიდე ადგილზეა. რუსეთში 2024 წელს 32 მილიონი ტონა რძე აწარმოვეს.

ევროკავშირში რძის წარმოების მნიშვნელოვანი წილი, გერმანიასთან ერთად, საფრანგეთზეც მოდის, სადაც გასულ წელს წარმადობამ 25,8 მილიონი ტონა შეადგინა. ათეულს კი 23,2 მილიონი ტონა რძით თურქეთი, 21,8 მილიონი ტონით კი - ახალი ზელანდია ხურავენ.

რძის ინდუსტრია გლობალურ ეკონომიკაში მონაწილე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სექტორად რჩება, თუმცა ჰორიზონტეზე უკვე ჩანს გამოწვევები, რომელიც მას ემუქრება. კლიმატის ცვლილება, მცენარეულ საკვებზე მოთხოვნის ზრდა და ახალი დაავადებების გავრცელება ამ გამოწვევათა მცირე ჩამონათვალია. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ჩანს, რომ პროდუქტზე მოთხოვნას ეკონომიკური საფრთხე არ ემუქრება.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები