უმაღლესი განათლების სისტემათა წამყვანმა ანალიტიკურმა ფირმა Quacquarelli Symonds-მა 2025 სასწავლო წლისთვის მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა.
QS-ის ყოველწლიური რეიტინგი მომავალი წლისთვის ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს 1500 უნივერსიტეტს 9 სხვადასხვა კრიტერიუმით, 100 ბალიანი სისტემით აფასებს.
ბრიტანული ანალიტიკური ფირმის რეიტინგში, ზედიზედ მეცამეტე წელია, პირველ ადგილს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი იკავებს. MIT 1861 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საუნივერსიტეტო ქალაქ კემბრიჯში დაფუძნებული უმაღლესი კერძო სასწავლებელია, რომელიც დღემდე ათასობით წარმატებულ კურსდამთავრებულს ითვლის არქიტექტურის, ინჟინერიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, მენეჯმენტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.
მეტიც, QS-ის თანახმად, MIT-ის კურსდამთავრებულებმა სხვადასხვა ინდუსტრიაში 30 000-ზე მეტი აქტიური კომპანია შექმნეს ჯამში 4.6 მილიონი სამუშაო ადგილითა და, საშუალოდ, 1.9 ტრილიონი დოლარის ყოველწლიური მოგებით.
სწორედ ამიტომ, მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა თავისი აკადემიური რეპუტაციით, კურსდამთავრებულთა დასაქმების დონით, საერთაშორისო კვლევითი ქსელების განვითარებითა და მდგრადობით საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში პირველი ადგილი 100-დან 100 ქულით დაიკავა.
გასული წლიდან 4 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ლონდონის იმპერიულმა კოლეჯმა, რომელიც QS-ის მიერ ჯამში 98.5 ქულით შეფასდა.
ლონდონის იმპერიული კოლეჯი სტუდენტებს 3-წლიან საბაკალავრო და 4-წლიან სამაგისტრო პროგრამებს ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტებზე სთავაზობს. უნივერსიტეტში ცალკეა გამოყოფილი ჯანდაცვისა და ბიზნესის სკოლებიც. უნივერსიტეტი ყოველწლიურად 20 000-მდე სტუდენტს ასწავლის, მათგან თითქმის ნახევარი კი უმაღლესი განათლების მისაღებად იმპერიულ კოლეჯში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩადის.
მსოფლიოს TOP 3 უნივერსიტეტში თავისი პოზიცია უცვლელად შეინარჩუნა ოქსფორდის უნივერსიტეტმა, რომელიც მსოფლიოს უძველესი ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელია, მისი დაფუძნების თარიღად კი მე-11 საუკუნე მოიაზრება.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი 250 000 ადამიანისგან შედგება და ითვლის 120-ზე მეტ ოლიმპიურ მედალოსანს, ნობელის პრემიის 26 ლაურეატს და თანამედროვე მსოფლიოს 30-ზე მეტ ლიდერს - მათ შორისაა, მაგალითად, ბილ კლინტონი, ინდირა განდი და გაერთიანებული სამეფოს 26 პრემიერ-მინისტრი. ოქსფორდის უნივერსიტეტი QS-მა 96.9 ქულით შეაფასა.
რეიტინგის მეოთხე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების უძველესი უმაღლესი სასწავლებელი, 1626 წელს დაფუძნებული ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს, რომლის კურსდამთავრებულთა შორისაცაა აშშ-ს 8 პრეზიდენტი, 62 ცოცხალი მილიარდერი, პულიცერის, ნობელის თუ აკადემიური ჯილდოს ათობით მფლობელი. სხვადასხვა შეფასებით, ჰარვარდი ხშირად ხვდება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სათავეში, QS-ის რეიტინგში კი ის 96.8 ქულითაა შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ ჰარვარდმა ყველაზე დაბალი შეფასება - 69 ქულა - საერთაშორისო სტუდენტების თანაფარდობის კატეგორიაში მიიღო.
ოქსფორდის მთავარი მეტოქე - კემბრიჯის უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს. კემბრიჯის უნივერსიტეტი 31 კოლეჯს აერთიანებს, თითოეული მათგანი კი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, დამოუკიდებელი შემოსავლითა და ხარჯებით, თუმცა კურსდამთავრებულთა დიპლომს ყოველთვის კემბრიჯი გასცემს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ჯამური შეფასება 96.7 ქულაა, თუმცა აკადემიური რეპუტაციით, კურსდამთავრებულთა დასაქმების დონით, მათი რეპუტაციითა და საერთაშორისო ფაკულტეტის თანაფარდობით, ბრიტანეთის ერთ-ერთმა უძველესმა უნივერსიტეტმა მაქსიმალური, 100-100 ქულა მიიღო.
მეექვსე ადგილს მეცნიერული აღმოჩენების, ინოვაციისა და მსოფლიო დონის ჯანდაცვის მთავარი წყარო - სტენფორდის უნივერსიტეტი იკავებს. სან-ფრანცისკოში 1885 წელს დაფუძნებული სასწავლებელი დღეს აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კამპუსს ფლობს.
სტენფორდის კურსდამთავრებულთა ქსელი ნობელის 20 ლაურეატს ითვლის, უნივერსიტეტი, თავისი აკადემიური რეპუტაციით, რეგულარულად ხვდება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლების ჩამონათვალში. QS-ის რეიტინგში ის მეექვსე ადგილს 96.1 ქულით იკავებს.
ციურიხის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი შვეიცარიაში 1854 წელს დაფუძნებული კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში მეშვიდე ადგილს 93.9 ქულით იკავებს.
ETH Zurich მსოფლიოში ცნობილია თავისი მაღალი დონის კვლევებითა და ინოვაციით. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი ნობელის 22 ლაურეატს ითვლის, რომელთა შორისაც, არც მეტი არც ნაკლები, ალბერტ აინშტაინი ხვდება.
მერვე ადგილს 93.7 ქულით სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი იკავებს, რომელიც აზიის კონტინენტზე გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია და აზიურ საგანმანათლებლო ბაზარზე, განათლებისა და კვლევების მიმართულებით, გლობალურ მიდგომებს ამკვიდრებს.
სინგაპურის უნივერსიტეტი 17 ფაკულტეტს აერთიანებს, რომლებზეც 38 000 სტუდენტი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან ირიცხება. შემოთავაზებულ ფაკულტეტებზე პროფესიათა ფართო სპექტრია დაფარული, როგორც ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებების, ასევე ტექნოლოგიური, მათემატიკური და კომპიუტერული მიმართულებებით.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი UCL რეიტინგში მეცხრე ადგილს 91.6 ქულით იკავებს. 1826 წელს დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებელს კონკურენცია უნდა გაეწია ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებისთვის, რის გამოც იგი თავიდანვე იყო გათვლილი სხვადასხვა აღმსარებლობის, ეროვნებისა და სქესის სტუდენტებზე.
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ათეულს კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კალტექი ხურავს. სამეცნიერო და საინჟინრო კვლევებითა და ინოვაციებით მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტი პასადინაში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს და ათობით უმნიშვნელოვანეს დაწესებულებას, მათ შორის NASA-ს მფლობელობაში არსებულ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიას, კალტექის სეისმოლოგიურ ლაბორატორიასა და საერთაშორისო ობსერვატორიის ქსელს - აერთიანებს. QS-მა კალტექი 90.9 ქულით შეაფასა.
QS-ის რეიტინგში წამყვან პოზიციებზე ხვდებიან პენსილვანიის უნივერსიტეტი, ბერკლი, მელბურნის უნივერსიტეტი, პეკინის უნივერსიტეტი, NTU სინგაპური, კორნელის უნივერსიტეტი, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, სიდნეის უნივერსიტეტი, უელსის უნივერსიტეტი და პეკინში, ცინღუას უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ შეფასებულ 1500 უმაღლეს სასწავლებელში ქართული უნივერსიტეტებიც მოხვდნენ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეიტინგში 791-800 პოზიციებს შორის, 18.9 ქულით ხვდება. თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ თსუ აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის რეგიონში TOP 20 უნივერსიტეტს შორის მე-18 ადგილს იკავებს.
კიდევ ერთი ქართული სასწავლებელი, რომელიც ბრიტანული ფირმის ყურადღების ქვეშ მოექცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. 901-950 პოზიციებს შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 10,4 ქულით ხვდება.