მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOP 10 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია - 2026

უსაფრთხო ავიაკომპანიები

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის 2026 წლის პროგნოზის თანახმად, წელს გლობალური საჰაერო მიმოსვლის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი, მგზავრთა რაოდენობა კი 5.2 მილიარდს მიაღწევს.

რადგან ავიაცია კიდევ ერთ დატვირთულ წელს იწყებს, რასაც წინ გასულ წელს მომხდარი რამდენიმე გახმაურებული ავიაკატასტროფა უსწრებს, საკითხმა, თუ რომელი ავიაკომპანიებია ყველაზე უსაფრთხო მსოფლიოში, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა.

ავიაციის უსაფრთხოებისა და პროდუქტების შეფასების ვებსაიტმა airlineratings 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ 320 სხვადასხვა ოპერატორი 7-ვარსკვლავიანი სისტემით, უსაფრთხოების მთელი რიგი მაჩვენებლების მიხედვით შეაფასა – ფრენების საერთო რაოდენობა, ავტოპარკის ასაკი, სერიოზული ინციდენტები, პილოტების მომზადება, უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტები და ფრენის დროს ტურბულენტობის პრევენცია. შედეგად, მან საუკეთესო ქულების მქონე კომპანიების რეიტინგი შეადგინა, საიდანაც ყველაზე უსაფრთხო სრული სერვისის მქონე და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები გამოვლინდნენ.

Etihad Airways 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო სრული სერვისის მქონე კომპანიად დასახელდა და გახდა სპარსეთის ყურის პირველი ავიაკომპანია, რომელმაც რეიტინგში მოწინავე პოზიცია დაიკავა. "ეტიჰადმა" AirlineRatings-ისგან 7+ ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო, რაც უმაღლესი ჯილდოა საერთაშორისოდ აღიარებულ სარეიტინგო სისტემაში.

"ეტიჰადმა" ამას სხვადასხვა კომპონენტის კომბინაციით მიაღწია: ახალგაზრდა ავტოპარკი, კაბინაში უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავიაკატასტროფების არარსებობა და სიაში მყოფ ნებისმიერ სხვა ავიაკომპანიასთან შედარებით, ინციდენტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თითოეულ ფრენაზე.

კიდევ ერთი ავიაკომპანია, რომელმაც იგივე შეფასება - “7+ ვარსკვლავი” მიიღო, ჰონგ-კონგის Cathay Pacific Airlines-ია. კომპანიამ ეს შეფასება დაიმსახურა საფუძვლიანი, 70-პუნქტიანი აუდიტის შემდეგ, რომელიც მგზავრობის პროცესში ოპერაციულ უსაფრთხოებას და უსაფრთხოების პროცედურების ხარისხს აფასებს.

მესამე ადგილზეა ავსტრალიური Qantas Airways, რომელიც სტაბილურად სახელდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად და ხშირად იღებს უმაღლეს შეფასებას - 7 ვარსკვლავს. Qantas-ი მაღალ შეფასებას იმსახურებს უსაფრთხოების შეუდარებელი ისტორიისთვის, რადგან ის ცნობილია მკაცრი ტექნიკური მომსახურებით, პილოტთა უმაღლესი დონის მომზადებით, უსაფრთხოების კულტურით და აუდიტის ძლიერი მაჩვენებლებით. Qantas მსოფლიოში ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელიც ასრულებს ფრენებს შვიდივე კონტინენტზე, ანტარქტიდის თავზე საექსკურსიო ფრენების ჩათვლით.

7-ვარსკვლავიანი უსაფრთხოების შეფასება მიენიჭა Qatar Airways-საც. 1994 წელს ოპერირების დაწყებიდან დღემდე კომპანიას ფატალურად დასრულებული ავიაკატასტროფის არცერთი შემთხვევა არ ჰქონია. ავიაკომპანია მართავს 200-ზე მეტი თვითმფრინავისგან შემდგარ თანამედროვე ავტოპარკს. "კატარის ავიახაზების" ფლოტის საშუალო ასაკი მხოლოდ 10 წელია.

უსაფრთხოების ხუთეულს Emirates ხურავს, კიდევ ერთი 7-ვარსკვლავიანი შეფასებით. გადამზიდავს კომერციული ავიაციის ეპოქაში ასევე არასდროს ჰქონია ფატალური ავიაკატასტროფის შემთხვევა. 2025 წლის მონაცემებით, "ემირატების" ფლოტი 300 ერთეულს აღემატება.

ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეული ასევე მოიცავს: Air New Zealand-ს, Singapore Airlines-ს, EVA Air-ს, Virgin Australia-ს და Korean Air-ს.

AirlineRatings ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებსაც ავლენს. ამ შემთხვევაში ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. HK Express

  2. Jetstar Airways

  3. Scoot

  4. flydubai

  5. EasyJet Group

  6. Southwest

  7. airBaltic

  8. VietJet Air

  9. Wizz Air Group

  10. AirAsia Group

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები