მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტოქსიკური გარემო, რომელიც დღესაა შექმნილი, ყველაზე მეტად აზიანებს ბიზნესს" - რესან ქიქავა

ექსპო ჯორჯია

Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, რესან ქიქავა აცხადებს, რომ ვიდრე “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების დროს და მის მონაწილეებზე ძალადობა არ აღმოიფხვრება, ბიზნესი პოზიტიურ მოლოდინებზე ვერ ისაუბრებს. ბიზნესზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ქიქავამ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში შეაფასა.

“არსებობს ასეთი ცნება, “ტოქსიკური ლიდერშიპი”. სამწუხაროდ, დღეს მივიღეთ ზუსტად ტოქსიკური გარემო, რომელიც ყველაზე მეტად არ უყვარს ბიზნესს და აზიანებს მას. ბიზნესისთვის პირველი და მთავარი წყალგამყოფი - ძალადობაა. როგორც კი ვხედავთ ძალადობას, იქ მთავრდება საუბარი ყველაფერზე და განხილვებს აზრი აღარ აქვს. როდესაც ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, გამოიყენოს ძალა, და ის ამ ძალას იყენებს არა აუცილებლობის გამო, არამედ ცდება მის ჩარჩოებს და ვხედავთ ქმედებებს, რომლებსაც არავითარი ახსნა არ აქვთ, იქ ბიზნესზე და ინვესტიციებზე საუბარი, ვფიქრობ, აბსოლუტურად ზედმეტია”, - აღნიშნავს რესან ქიქავა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ აღნიშნული გარემო გამოასწოროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმაზე საუბარი, როგორი ბიზნესგარემო ექნება საქართველოს მომავალში.

“სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს, რომ ეს გარემო შეცვალოს - უარი უნდა ითქვას, დაიგმოს ძალადობა, გამოძიებული იქნეს ყველა ფაქტი. უნდა დაგვიბრუნდეს რწმენა იმისა, რომ ძალადობის უკან არ დგას ხელისუფლება.

ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება შემდეგ ნაბიჯებზე საუბარი. ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნდა მეგობრებად და პარტნიორებად, გამოვაცხადეთ მტრებად. საუბარია EU-ს წევრ ყველა ქვეყანაზე, ყველა ინსტიტუციაზე, რომლის ნაწილიც გვინდა რომ გავხდეთ და ხელისუფლება გვეუბნება, რომ ისინი სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობენ. საზოგადოებას რომ პროტესტი არ გამოეხატა, ეს იქნებოდა საქართველოს მიერ მთელი ამ სივრცის ერთმნიშვნელოვნად მტრად გამოცხადება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მტერი რუსეთია - ასეთ დროს რას ვაკეთებთ, როგორ ვაგრძელებთ საქმიანობას? “ - ამბობს ქიქავა.

ქიქავამ BMG-სთან მიმდინარე პროცესების გავლენა უშუალოდ Expo Georgia-ს საქმიანობაზეც შეაფასა. მისი თქმით, კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების წარმატება ხელისუფლებასთან პარტნიორობითაცაა განპირობებული, თუმცა, თუ ტოქსიკური გარემო არ გამოსწორდება, Expo-ს ოპერირება გართულდება.

“როგორც ექსპოს ხელმძღვანელი, ჩვენ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისთვის. ექსპოს წარმატებების დიდი ნაწილი, სწორედ მათი დამსახურებაა. თუ გამოფენები ჩატარდება, ესეც, მათ შორის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის დამსახურება იქნება. ვაფასებ იმ ურთიერთობას, რომელიც მაქვს ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებთან და ვგრძნობ მათგან მხარდაჭერას.

თუმცა მომავალში, თუ ეს ტოქსიკური გარემო შენარჩუნდა, ალბათ არაფერი აღარ იქნება. ღვინის გამოფენას ჩავატარებთ ქართველები და ამით კმაყოფილებიც ვიქნებით, მაგრამ რაც შეეხება ინდუსტრიულ მიმართულებებს, აქ ძალიან გაგვიჭირდება. ხელისუფლების მიმართ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს: გაქვთ სრული ძალაუფლება, გთხოვთ შექმენით ისეთი გარემო, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვიმუშაოთ; გარემო, სადაც ჩვენ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ და რაღაც წარმატებას მოვუტანთ ამ ქვეყანას”, - განაცხადა რესან ქიქავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები