პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტი კონტაქტურია,
„პაციენტის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკის. კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრების რეჟიმები გამარტივებულია.
ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება, კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, - აღნიშნა რატიანმა.
გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.



























