მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toshiba გაიყიდა, მას იაპონური JIP Group-ი $15.3 მილიარდად ყიდულობს - Bloomberg

641c0ce9725b5
გიორგი არონია
23.03.23 12:27
1062

მსხვილი იაპონური კონსორციუმი, JIP Group-ი იაპონურ ტექნოლოგიურ გიგანტს, Toshiba-ს $15.3 მილიარდად ყიდულობს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 147-წლიანი ისტორიის მქონე იაპონური კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ გამოსყიდვის თაობაზე კონსორციუმის შემოთავაზება უკვე მიიღო. ფასი, რომელიც JIP Group-მა Toshiba-ს შესთავაზა, ლოგიკურია და ის კომპანიის მიერ საფონდო ბირჟაზე ბოლოს დაფიქსირებულ ფასთან შედარებით 9.6%-იან პრემიუმს წარმოადგენს.

ლეგენდარული იაპონური კომპანიის გაყიდვას უკვე გამოეხმაურნენ ფინანსისტები და ანალიტიკოსები, რომელთა თქმით, JIP Group-ის მფლობელობაში გადასვლით, შესაძლოა, Toshiba-ს ბოლო დროს მეტად ტურბულენტურ ისტორიაში სიმშვიდისა და მდგრადი ზრდის ახალი ეტაპი დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, Toshiba-ს მენეჯმენტში განხეთქილების მთავარი კვანძი სწორედ კომპანიის განვითარების ტრაექტორიაზე გადიოდა, რადგან იაპონელი ინვესტორებთან და იაპონიის ხელისუფლებასთან შედარებით, არაიაპონელ ინვესტორებს ისტორიული იაპონური კომპანიის განვითარება განსხვავებულად წარმოედგინათ.

კომპანიის ასეთ პოლიტიკას განაპირობებს ის, რომ ტექნოლოგიური ბიზნესის გარდა, Toshiba იაპონური ბირთვული ენერგიის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, რომლის აქტივები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებადაა მიჩნეული და მათი სხვა ეროვნების ინვესტორებზე გასხვისება ქვეყნის ხელისუფლებას არ სურს.

პოლიტიკური საკითხების გარდა, Toshiba-ს ბოლოდროინდელი დაღმავლობა რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი სკანდალითაც აიხსნება. ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როცა საბუღალტრო სკანდალში გახვეულ კომპანიას აგრესიული რესტრუქტურიზაციის ჩატარება მოუხდა. მოგვიანებით, Toshiba იძულებული გახდა $6.3 მილიარდად შეფასებული ამერიკული ატომური ელექტროსადგური კომპანიის ბალანსიდან ჩამოწერა - ინვესტორები ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ და მარეგულირებლებს ცოტა აკლდათ, რომ Toshiba საფონდო ბირჟიდან მოეხსნათ.

თუკი ეს 15-მილიარდიანი გარიგება წარმატებით დაიხურება, რისი წინაპირობაც ნამდვილად არის, ის აზიაში წელს განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქცია იქნება. ამავდროულად, ის კერძო კაპიტალის კომპანიის მიერ განხორციელებული ყველაზე მოცულობითი ტრანზაქციაც იქნება, იაპონიის ისტორიაში.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები