ფრანგული და ამერიკული ენერგეტიკული კომპანიები, TotalEnergies-ი და ConocoPhillips-ი მომდევნო 25 წლის განმავლობაში ლიბიაში $20 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციებს განახორციელებენ. საუბარია ნავთობით განსაკუთრებულად მდიდარ ვაჰას საბადოზე, სადაც წიაღისეულ საწვავს ძირითადად ლიბიის ნავთობის ეროვნული კორპორაციის შვილობილი ვაჰას ნავთობის კომპანია მოიპოვებს.
თუ ამჟამად ადგილობრივი კომპანია დღიურად 340,000 ბარელ ნავთობს იღებს, TotalEnergies-ისა და ConocoPhillips-ის ინვესტიცია შესაძლებლობას გააორმაგებს და დღიურად მოპოვებული წიაღისეული საწვავის მოცულობა 850,000 ბარელს მიაღწევს.
მოპოვების მასშტაბის გაორმაგება მკვეთრად გაზრდის შემოსავლებსაც, რომელიც შეთანხმების შესაბამისად გადანაწილდება TotalEnergies-ზე, ConocoPhillips-ზე და თავად ლიბიურ კომპანიაზე.
არსებული პროგნოზით, 20 მილიარდი დოლარის ინვესტირების შემდეგ კომპანიები 25 წლის განმავლობაში ჯამურად 376 მილიარდი დოლარის მოგებას ნახავენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის მსხვილი დაბანდება ლიბიაში მრავალი წელია არ განხორციელებულა, რისი მიზეზიც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის მკვეთრი შემცირება იყო. შეგახსენებთ, ლიბიაში სამოქალაქო ომი ოფიციალურად მხოლოდ 2020 წელს დასრულდა, თუმცა სახელმწიფო კვლავ სერიოზული გამოწვევებისა და დაპირისპირების განახლების რისკის წინაშე დგას.
აღსანიშნავია, რომ ფრანგულ და ამერიკულ კომპანიებთან ვაჰას საბადოსთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების გარდა ლიბიის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ნავთობგიგანტ Chevron-თან, რაც სამომავლოდ ახალი ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად. ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ ლიბიისა და ეგვიპტის ნავთობის მინისტრებიც. როგორც ოფიციალურ ტრიპოლიში აცხადებენ, ბოლო კვირების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ისინი ქვეყანას საერთაშორისო დონეზე პოზიციების გამყარებაში, ასევე მეტი ინვესტორის მოზიდვაში დაეხმარება. შეგახსენებთ, ლიბია ნავთობის დადასტურებული მარაგების მოცულობით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა და 48.4 მილიარდ ბარელ წიაღისეულ საწვავს ფლობს. ამ მაჩვენებლით ის ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს და აფრიკის კონტინენტზე უპირობო ლიდერია.




























