ფრანგულმა სანავთობო გიგანტმა, TotalEnergies-მა და ამერიკულმა APA Corporation-მა სურინამის რესპუბლიკაში 10.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტეს.
ბუნებრივია, თანხა სრულად მიიმართება ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებაზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.
როგორც ცნობილია, სურინამის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნავთობის და გაზის უდიდესი საბადოები, რომელთა ათვისების პოტენციალი ქვეყანას დამოუკიდებლად არ აქვს, ამიტომ პროექტის განსახორციელებლად უცხოური კომპანიების ჩართვა გახდა საჭირო.
ზოგადად, ბუნებრივი რესურსების ათვისების პროცესში საერთაშორისო გიგანტების ჩართვა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რადგან სწორედ ამ მეთოდს მიმართა სურინამის მეზობელმა გაიანამ, რომელმაც ExxonMobil-თან თანამშრომლობით ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი დაიწყო.
სურინამის შემთხვევაში საუბარია რამდენიმე მილიარდი ბარელის მოცულობის რეზერვზე, რომლის ათვისება ქვეყანას ეკონომიკურად განვითარების საშუალებას მისცემს, ხოლო TotalEnergies-ი და APA გაზრდილი შემოსავლების მიღებას შეძლებენ, ანუ პროექტი ყველასათვის სარგებლის მომტანია.