მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ტოტალური აკრძალვის ალტერნატივა კარგი მართვაა" - ხუნძაკიშვილი პლასტიკით სასმელების რეალიზაციის აკრძალვის გადავადებაზე

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი თვლის, რომ „ტოტალური აკრძალვის“ ალტერნატივა პრობლემის კარგი მართვაა. ამის შესახებ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა BMG-სთან პლასტიკის ბოთლებით სასმლის იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვის გადავადებაზე საუბრისას განაცხადა.

ის ამბობს, რომ მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმება, რადგან 4 წელი ბიზნესისთვის საკმარისი პერიოდია ახალ რეგულაციებზე მოსარგებად. სასმელების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება ბიზნესისთვის უფრო მისაღები იქნება და თუ სახელმწიფო ამას არ აამოქმედებს, მაშინ ბიზნესი თავად დაორგანიზდება.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ოთხი წელი საკმარისი ვადაა იმისათვის, რომ ინდუსტრია ახალ რეალობასთან მიმართებით გადაეწყოს. თუმცა ჩვენ კონსულტაციებს უკვე აღდგომის შემდეგ გავაგრძელებთ და ვისაუბრებთ დეტალებზე, თუ რა უნდა გააკეთოს ინდუსტრიამ.

ჩვენი მოთხოვნა ისედაც ყოველთვის ცნობილი იყო - ეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედებაა. ეს იქნება კლასიკური შეგროვების სისტემა თუ დეპოზიტისა და დაბრუნების სისტემა.

საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ეს რეგლამენტი ამოქმედდება. იქ აბსოლუტურად ყველაფერია გაწერილი - ვინ რაზეა პასუხისმგებელი. თუ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება უახლოეს პერიოდში არ მოხდა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ინდუსტრია თვითდაორგანიზდება და თავად შექმნის, უკვე არა ოფიციალური, პროტოკოლისა და რეგლამენტის მიხედვით ამ ამოღების სისტემას. ამის შემდეგ უკვე რიცხვებით დავანახებთ ყველას, რომ ტოტალური აკრძალვის ალტერნატივა, მისი კარგი მართვაა - ნარჩენების ამოღება, გადამუშავება და გარემოში უსაფრთხოდ განთავსება“, - განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2027 წლის 1 თებერვლიდან იგეგმებოდა. გამონაკლისი წყლის მიმართულებით 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს შეეხებოდა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ ბიზნესის მინერალური, მტკნარი, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ 16 მარტს განაცხადა, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ მიიღებდნენ. კობახიძე რეგულაციის გადავადების ან შეცვლის განხილვის მზაობასაც გამოთქვამდა.

სასმლის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვის 4 წლით, 2031 წლამდე გადავადების შესახებ დღეს 8 აპრილს, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგად შეიცვალა. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი საკითხთან დაკავშირებული დარგობრივი უწყების ხელმძღვანელს არ გაუკეთებია. მოგვიანებით, დავით სონღულაშვილის კომენტარი უწყებამ გაავრცელა. მინისტრმა განაცხადა, რომ პლასტკის ბოთლების აკრძალვის საკითზე ბიზნესმა დრო და ინსტრუმენტების შემუშავება ითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები