“ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ გუდაურში „თოვლი არის, მაგრამ ტურისტი არ არის“. ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობაზე ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. მისი თქმით, გუდაურში უფრო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ჭარბობენ, ხოლო ევროპელი და ამერიკელი ტურისტები ნაკლებად არიან.
- გუდაურის მაგალითზე ვისაუბრებ, რადგან საქართველოს ზამთრის კურორტებს შორის ყველაზე პოპულარულია, ყველაზე კარგად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა და თან ახლოს არის დედაქალაქთან, რაც ხელს უწყობს, უფრო მეტი დამსვენებელი ჰყავდეს, ვიდრე - სხვა კურორტებს. წელს, როგორც გუდაურში, ისე ზამთრის სხვა კურორტებზე თოვლი საკმაოდ ადრე მოვიდა; სასრიალო ტრასები კარგ მდგომარეობაშია; აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ორი ახალი ტრასაც გაიხსნა, მაგრამ ტურისტი არ არის.
- სამწუხაროდ, 2023 წლიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების ყოველთვიურ სტატისტიკას არ აქვეყნებს და მხოლოდ კვარტალში ერთხელ ვიგებთ შედეგებს. ჯერჯერობით, არც 2023 წლის მონაცემები გაუსაჯაროებიათ, ამიტომ გკითხავთ - რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ „ტურისტი არ არის“ - რომელი ქვეყნებიდან ისვენებენ გუდაურში?
- სამწუხაროდ, კურორტზე ოკუპანტები ჭარბობენ... რუსები, როგორც ბიზნესის სხვა სფეროებში, ტურიზმშიც მრავლად არიან მოდებული; თავისი ინსტრუქტორები ჰყავთ, თავიანთი ტურები აქვთ და ისევ რუსეთის მოქალაქეებს სთავაზობენ რამდენიმედღიან ტურებს გუდაურში ინსტრუქტორით, ბავშვების სკოლით და ა.შ. მთელი პაკეტი შეკრული აქვთ. ჩემი დაკვირვებით, საკმაოდ მოკლებულია არაბი ტურისტების რაოდენობა; ასევე, ნაკლებად არიან ინდოელები, რომლებიც ძირითადად გასართობად ადიოდნენ გუდაურში; ისრაელიდან ტურისტების რიცხვი ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება იმ პერიოდს, როდესაც ამ ბაზარზე კარგად ვმუშაობდით. რაც შეეხება დასავლეთ ევროპელ და ამერიკელ ტურისტებს, რამდენიმე დღის წინ ვიყავი გუდაურში და თითო-ოროლა ევროპელი და ამერიკელი ტურისტი შემხვდა. რეალურად, ტურისტების ნაკლებობა სასრიალო ტრასებზეც იგრძნობა.
- ვინაიდან ახალი ტრასები დაემატა, იქნებ გადანაწილდნენ და ამიტომაც გაქვთ ასეთი აღქმა?
- შეგიძლიათ სასტუმროების წარმომადგენლებსაც გაესაუბროთ და ტურისტების სიმცირეს ისინიც დაგიდასტურებენ - მუდმივად აქვთ ფასდაკლების აქციები, რაც ნიშნავს იმას, რომ სასტუმროების რიცხვი იზრდება, ტურისტების კი ნაკლებად და მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, ცდილობენ, ფასი დააკლონ; სასტუმროს ხომ ვერ დაკეტავენ?!
- თქვენი აზრით, საიდან შეიძლება, საქართველომ ზამთრის კურორტებზე ტურისტები მოიზიდოს და რამდენად კეთდება მაქსიმუმი?
- ზამთარში, საქართველოს კურორტებმა შეიძლება ისულდგმულოს სპარესთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვით. არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, კატარი - ეს ის ქვეყნებია, სადაც ძალიან ბევრი ამერიკელი, ევროპელი და იმ ქვეყნების მოქალაქეები ცხოვრობენ და მუშაობენ, ვისთვისაც სრიალი ცხოვრების წესია; მათთვის ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში წასვლა საკმაოდ რთულია, მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ფრენაც უფრო ხანგრძლივია, როცა დუბაიდან თბილისში ჩამოსვლას სულ სამი საათი სჭირდება. ამდენად, სპარსეთის ყურის ქვეყნები იდეალური ბაზარია, რომ დავტვირთოთ საქართველოს სამთო კურორტები. სამწუხაროდ, წინა წლის დეკემბერში ვიყავი ჩასული და სახელმწიფოს ეგიდით, საქართველოს შესახებ დუბაიში არანაირი სარეკლამო კამპანია არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, „ტრეფიკ თრეველ ჯორჯია“ და სხვა ტურისტული კომპანიები ჩვენი ძალებით ვცდილობთ საქართველოს გარეკლამებას, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს.
- BMG, შარშან ზაფხულიდან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან 2023-2024 წლების მარკეტინგული კამპანიის დეტალურ კალენდარს ითხოვდა ქვეყნების და ბიუჯეტების მიხედვით, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოგვაწოდეს, ამიტომ გამიჭირდება ოპონირება გაგიწიოთ... თქვენი შეფასებით, რატომ შემცირდა ამერიკელი თუ ევროპელი ტურისტების რიცხვი?
ჩვენი ტურისტული კომპანიის, ასევე, მეგობრების ტურისტული ბიზნესების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჯავშნები უქმდება და ან ისე ვეკითხებით მიზეზებს, მათი პასუხია - "რუსეთში წასვლა რომ გვინდოდეს, იქ წავიდოდით და არა - საქართველოშიო...
- ანუ თქვენი აზრით, რუსული ავიაემბარგოს მოხსნამ, საქართველოს ტურიზმს უფრო ავნო, ვიდრე არგო?
- დიახ. რუსეთთან პირდაპირმა ავიამიმოსვლამ გაზარდა რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. შედეგად, რუსებმა აქ გახსნეს ტურისტული კომპანიები, ღვინის კომპანიები, კვების ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები - რუსულნომრიანი მანქანებით ემსახურებიან ტურისტებს. კონკურენციის არ მეშინია და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეს არ უნდა ვრცელდებოდეს რუსეთზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ზოგადად, მათ ბიზნესის თავისუფლად წარმოების უფლება კი არა, უვიზოდ მიმოსვლის უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ.
- რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით ოპოზიციური პარტიები კი გამოვიდნენ, მაგრამ მმართველი ძალის მხარდაჭერა ვერ მიიღეს... კიდევ რა პრობლემებს გამოყოფდით, რომელიც აფერხებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას?
- პრობლემაა ისიც, რომ ინგლისურ, ფრანგულ თუ გერმანულ მედიებში იშვიათად იწერება საქართველოს შესახებ დადებით კონტექსტში. მართალია, არ დადასტურებულა ოფიციალურად, მაგრამ ვრცელდება ცნობები, რომ თითქოს საქართველო სანქციების არიდებაში რუსეთს ეხმარება... საქართველოს ტურისტულ იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედა 2023 წლის მარტის აქციებმა, როდესაც მოქალაქეებმა "რუსული კანონის" მიღების მცდელობა გააპროტესტეს. მაშინ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია ბერლინში იმყოფებოდა - ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყანა ვიყავით და იმ დროს, როდესაც ჩვენ გერმანელ თუ სხვა ევროპულ ტურისტულ კომპანიებს პარტნიორობაზე ვესაუბრებოდით, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და მათი კითხვებიც სწორედ იმ მოვლენებს შეეხებოდა... პრობლემებს შორის, ასევე, გამოვყოფდი პირდაპირი ფრენების არქონას დიდ ბრიტანეთთან, რომელიც პანდემიამდე გვქონდა; სამაგიეროდ, გვაქვს ფრენები მახაჩკალას აეროპორტიდან თბილისში.
- სოციალურ ქსელში ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის კომენტარები მხვდება ხოლმე, რომ მუშაობენ ამ მიმართულებით...
- რამდენი წელი შეიძლება იმუშაო ერთი ავიამიმართულების დამატებაზე?! თუ ნება და სურვილი არის, ავიაკომპანიას დააინტერესებ, რადგან ლონდონი ის ბაზარია, საიდანაც ჩამოდიოდნენ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები; 2018-2019 წლებში გუდაური სავსე იყო ბრიტანელი მოსრიალეებით, რომელთათვისაც გუდაურის ფასები სულ არ არის მაღალი. ასევე, ამდენი წელია საუბარი მიდის და ვერ მოახერხეს აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლის დაწყება, მით უმეტეს, თუ ამერიკა ჩვენი სამიზნე ბაზარია და ვხედავთ, პირდაპირი რეისების გარეშეც ჩამოდიან ტურისტები - ესეც ალბათ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა; არ უნდათ და არ აკეთებენ.