ტურისტული კომპანია Traffic travel-ის ტუროპერატორ ცოტნე ჯაფარიძის შეფასებით, გუდაურში იანვარი ნაკლებად დატვირთული იყო, ხოლო თებერვლიდან სტუმრების რაოდენობამ მოიმატა. სამთო კურორტზე ტურისტულად აქტიური სეზონი მან BM.GE-სთან შეაფასა და იმ ქვეყნებზე ისაუბრა, საიდანაც გუდაურს ყველაზე მეტად სტუმრობენ.
„სამწუხაროდ, გუდაურში ოკუპანტი ტურისტები ჭარბობენ, რადგან თავიანთი ბინები აქვთ ნაყიდი და მთელ გუდაურს არიან მოდებული, ისევე როგორც მთელ საქართველოს. თუ ოკუპანტებს არ ჩავთვლით, ისრაელიდან სტუმრებიც ძალიან აქტიურად გვსტუმრობენ. სავარაუდოდ, შეეგუვნენ უკვე იქ არსებულ მდგომარეობას და მოგზაურობა კვლავ დაიწყეს. ასევე, ევროპელი და ამერიკელი სტუმრებიც შეიმჩნევა, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში ცხოვრობენ და დასასვენებლად საქართველოში ჩამოდიან. თუმცა, პირდაპირი ფრენები ევროპიდან ან ამერიკიდან, ნაკლებად გვხვდება", - განმარტავს ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ტუროპერატორი შემცირებული ევროპელი ტურისტების რაოდენობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველო მსოფლიოში არასახარბიელო სახელით სარგებლობს.
"გუდაურში მართალია ხალხი არის, მაგრამ სხვა ტურისტული კომპანიების მაგალითით, შეიძლება ითქვას, რომ გუდაურს მიღმა ტურისტები არ არის და საქართველოში ტურიზმი არ მუშაობს. 14 წელია ამ სფეროში ვარ და გუდაურშიც და მის გარეთაც ტურისტები იანვარ-თებერვლის თვეში სულ იყვნენ. ასევე ამ პერიოდისთვის უკვე ზაფხულის ჯავშნებს უნდა ვიღებდეთ, მაგრამ ამ მხრივაც პასიური და არასაიმედო მდგომარეობაა.
ამის გამომწვევი, მრავალი ფაქტორი არსებობს და არც მიკვირს, რომ არ ჩამოდიან. რომელ ენაზეც არ უნდა მოიძიოთ საქართველოს შესახებ ინფორმაცია, 10-დან 9 ჩვენზე ცუდი ცნობები წერია. შარშან ტურისტებთან უკვე გვქონდა ლაპარაკი, როდესაც ჯავშნებს აუქმებდნენ. პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი, რომ მათ რუსეთში ჩასვლა რომ უნდოდეთ, რუსეთში ჩავიდოდნენ და არა საქართველოში, რომელიც რუსეთის თავშესაფრადაა გადაქცეული“, - აცხადებს ტუროპერატორი.
მისი ცნობით, ეს სფერო აღარ არის ის მიმართულება, საიდანაც სოლიდური შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, თვიდან თვემდე გადარჩენა უწევთ. ამიტომ, არაერთი სექტორის წარმომადგენელი სექტორიდან და ქვეყნიდანაც კი წავიდა.