ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯია“ ტურიზმის 2023 წლის შედეგებით კმაყოფილი არაა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა, საქართველოს ტურიზმისთვის „ოქროს ხანა“ 2018-2019 წლები იყო.
ცოტნე ჯაფარიძეს აწუხებს ის ფაქტი, რომ იმ ქვეყნებიდან, საიდანაც უცხოელი ტურისტების მოზიდვა სტრატეგიულ დოკუმენტებშია გაწერილი, შარშან ვიზიტორების ნაკადი შემცირებული იყო.
„შარშან ნაკლები ტურისტი იყო იმ ქვეყნებიდან, რომლებიც წლების წინ სამიზნე ბაზრებად გამოცხადდა - დასავლეთ ევროპის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია. ეს ის ქვეყნებია, საიდანაც მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოდიან, რომლებიც ხელს უწყობენ ტურიზმის კულტურის ამაღლებას ქვეყანაში“, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 2023 წლის ტურიზმის სტატისტიკა, ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია.
- თქვენი შეფასებით, რატომ შემცირდა ამერიკელი თუ ევროპელი ტურისტების რიცხვი?
- ჩვენი ტურისტული კომპანიის, ასევე, მეგობრების ტურისტული ბიზნესების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჯავშნები უქმდება და ან ისე ვეკითხებით მიზეზებს, მათი პასუხია - "რუსეთში წასვლა რომ გვინდოდეს, იქ წავიდოდით და არა - საქართველოშიო...
- ანუ თქვენი აზრით, რუსული ავიაემბარგოს მოხსნამ, საქართველოს ტურიზმს უფრო ავნო, ვიდრე არგო?
- დიახ. რუსეთთან პირდაპირმა ავიამიმოსვლამ გაზარდა რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. შედეგად, რუსებმა აქ გახსნეს ტურისტული კომპანიები, ღვინის კომპანიები, კვების ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები - რუსულნომრიანი მანქანებით ემსახურებიან ტურისტებს. კონკურენციის არ მეშინია და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეს არ უნდა ვრცელდებოდეს რუსეთზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ზოგადად, მათ ბიზნესის თავისუფლად წარმოების უფლება კი არა, უვიზოდ მიმოსვლის უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ.
დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ჩრდილეთ ამერიკა, სპარესთის ყურის ქვეყნები, იაპონია, ავსტრალია - ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ვცდილობთ საქართველოში ტურისტების შემოყვანას. უკვე წლებია, პრინციპულად არ ვემსახურებით რუს ტურისტებს და არც მოვემსახურებით, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვთ ოკუპირებული; ჩვენი მიდგომა დეოკუპაციამდე არ შეიცვლება; კომპანიაში უნიფორმაც გვაქვს, რომელზედაც საქართველოს რუკაა გამოსახული და გაწითლებულია ოკუპირებული ტერიტორიები.