მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota ახალ Supra-ში V8-ტიპის ძრავს ჩადგამს

Supra V8

Toyota-ს სპორტული კუპე - GR Supra მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანეს განახლებას მიიღებს და ის V8-ტიპის ძრავით აღიჭურვება.

როგორც ცნობილია, ახალი GR Supra ყველასათვის კარგად ცნობილ 2UR-GSE-ის ტიპის, 5-ლიტრიან ძრავას მიიღებს, რომელიც Lexus LC500-ში, IS F-სა და RC F-შია ხელმისაწვდომი.

ამ V8-ს განსაკუთრებული სიფიცხე, ხმა და სწრაფი რეაგირების უნარი გამოარჩევს, რაც ზუსტად ის თვისებებია, რომელიც ჭეშმარიტ სპორტულ ავტომობილს უნდა ჰქონდეს.

LC500-ის შემთხვევაში, ეს 8-ცილინდრიანი ძრავა დაახლოებით 471 ცხენის ძალას და 540 Nm-ის მაბრუნებელ მომენტს გამოიმუშავებს, რაც 2-ტონიანი ავტომობილის 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4.4 წამში ასაჩქარებლადაა საკმარისი. სავარაუდოდ, Supra-ში ძრავის შეცვლილი ვერსია იქნება წარმოდგენილი და ის უფრო მძლავრიც გახდება, თუმცა საკმარისი იქნება თუ არა 500 ცხენის ძალა კონკურენტების დასამარცხებლად, ეს ნამდვილად საკითხავია.

კონკურენტები ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან, როგორც ცნობილია, Toyota ახალ Supra-ს სუპერქარების სარბოლო სერიაში გამოიყვანს, რომელიც ავსტრალიაში ტარდება. მართალია, Toyota-ს ხსენებაზე პირველი რაც გვახსენდება რბოლა არ არის, მაგრამ იაპონურ გიგანტს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში საჩემპიონო მანქანების შექმნა კარგად იციან. ვნახოთ, შესაძლოა, GR Supra-საც მოუწიოს შამპანურით დასველება.

სანამ იაპონელი ინჟინრები BMW Z4-ის პლატფორმაში Lexus-ის V8-ის ჩამონტაჟების პრობლემას გადაჭრიან, თავად Supra-ზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც, ალალები თუ ვიქნებით, გადაცმული Z4-ია. ამ უცნაურობას ის მარტივი მიზეზი განაპირობებს, რომ Toyota-მ სპორტქარის შექმნის დავალება BMW-ს გადაულოცა, რადგან ახალი ავტომობილის შექმნა ძალიან რთული და ძვირია, თანაც თუ საქმე სპორტქართან გვაქვს.

გერმანული წარმომავლობის მიუხედავად, Supra-მ მაინც მოახერხა ავტოენთუზიასტების მოხიბვლა, განსაკუთრებით მათი, ვისაც Toyota-ს მიმართ სენტიმენტები გააჩნიათ. პოზიტიური შეფასების მიუხედავად, Supra-ს მაინც ჰქონდა ერთი ნაკლი - ის არ იყო განსაკუთრებული, რადგან BMW-ს მიერ შექმნილი B58, რომელიც ფენომენალური ძრავაა, სამწუხაროდ, არაფრითაა გამორჩეული. ამ 3-ლიტრიან, 6-ცილინდრიან ძრავს შეხვდებით BMW-ს თითქმის ყველა მოდელში: 1-ელი სერიით დაწყებული, X7-ით დამთავრებული. თავისი არსით, პოპულარობაში ცუდი არაფერია, მაგრამ, როგორც წესი, სპორტქარების მყიდველები ექსკლუზიური გამოცდილების მაძიებლები არიან და მათ ის უნდათ, რაც ყველას არ აქვს, B58 კი ის ნამდვილად არ არის, აი, 2UR-GSE შეიძლება იქნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები