მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Toyota-მ ჩინეთში ყველაზე ბიუჯეტური ელექტრომობილი წარადგინა; როგორია "ავტომობილი ყველასთვის" ანუ Volkswagen ID.EVERY1 - კვირის მთავარი ავტო სიახლეები

WV

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Volkswagen Group-ის მოგება 15%-ით შემცირდა

გერმანული საავტომობილო კონგლომერატის, Volkswagen Group-ის მოგება შემცირდა. ჯგუფი, რომელიც VW-ის გარდა, Audi-ის, Porsche-ს, Bugatti-ის, Lamborghini-ის, Skoda-ს და სხვა არაერთ ცნობილ ბრენდს აერთიანებს, არასახარბიელო ფინანსურ ანგარიშგებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2024 წელს ჯამში დაახლოებით $21 მილიარდის საოპერაციო მოგება მიიღო, რაც 15%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს VW Group-მა საერთო შემოსავლის თითქმის 1%-ით გაზრდა შეძლო და ამ მაჩვენებელმა $352 მილიარდი შეადგინა, თუმცა ეს ინვესტორებს ნაკლებად ადარდებთ, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგების მარჟაა.
საერთო ჯამში, Volkswagen Group-მა წინა წელს 9 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია, რაც ჩინეთის და აშშ-ის ბაზრებზე მოთხოვნის შემცირებით არის განპირობებული.

არასახარბიელო ფინანსური შედეგების გამო, კომპანიის მენეჯმენტი ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობას 30%-ით ამცირებს, ანუ ისინი VW Group-ის აქციების ფლობით ნაკლებ მოგებას მიიღებენ, რაც კომპანიის კაპიტალიზაციაზე ნეგატიურად აისახება.
საინტერესოა, რომ VW Group-ში ყველაზე ცუდი შედეგი ბიუჯეტურ Volkswagen-ს აქვს, ხოლო Porsche, Lamborghini და Bugatti მდგრად ზრდას აფიქსირებენ, რაც ბიუჯეტური ავტომობილების სეგმენტში კონკურენტების გააქტიურებას, პრემიუმ კატეგორიაში კი ზემოხსენებული ბრენდების დომინაციას უკავშირდება.


“ავტომობილი ყველასთვის” — როგორია Volkswagen ID.EVERY1?

არასახარბიელო ფინანსური მაჩვენებლების ფონზე, Volkswagen-მა Beetle-ის გამოშვებიდან 87 წლის შემდეგ, კიდევ ერთი საყოველთაო ავტომობილი წარმოადგინა, რომელსაც ყველაზე უცნაური სახელი აქვს. ამჯერად, გერმანული “ავტომობილი ყველასთვის” ჰეჩბეკის ტიპის ელექტრომობილია, რომელსაც ვოლფსბურგში ID.EVERY1 დაარქვეს. ID — VW-ის ელექტრომობილების სერიას აღნიშნავს, 1-იანი კი კლასის ნომერია, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ახალი ავტომობილი ყველაზე პატარა მანქანაა ID-ებს შორის. თავად სახელი კი იკითხება, როგორც Everyone, ანუ “ყველა”, რაც სწორედ ის სიმბოლიზმია, რომლითაც გერმანელმა ინჟინრებმა ეს ავტომობილი შეამკეს. VW-ის უახლესი €20,000-იანი ავტომობილი, რომლის წარმოებას კომპანია 2027-ში დაიწყებს, საწყის ეტაპზე, მხოლოდ ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება. ID.EVERY1-ი მცირე ზომის ჰეჩბეკია.

კონცეპტუალური ID.EVERY1-ის შესაძლებლობები ასეთია: მაქსიმალური სიჩქარე — 130 კმ/სთ-ში; სიმძლავრე — 94 ცხენის ძალა და მაქსიმალური გასავლელი მანძილი — 250 კილომეტრი. ავტომობილის შიგნით, სავარაუდოდ, 35 კილოვატ-საათის მოცულობის ბატარეა დევს, ხოლო თავად ავტომობილი, რომელშიც ოთხი მგზავრი ეტევა სიგრძეში სულ რაღაც 3.88 მეტრია, ანუ SUV-ის ტიპის ID.4-თან შედარებით ის ერთბაშად 70 სანტიმეტრით უფრო მოკლეა.

Volkswagen-ის მიერ მცირე ზომის ელექტრომობილის გამოშვებას ორი მიზანი აქვს, ესენია: წარმოების ხარჯების შემცირება და კონკურენტებთან, ძირითადად ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიებთან ბრძოლა.


10,000-ზე მეტი შეკვეთა პირველ საათში - Toyota-მ ჩინეთში ყველაზე ბიუჯეტური ელექტრომობილი წარადგინა

იაპონური Toyota, ყველაზე დიდი ელექტრომობილების ბაზრის, ანუ ჩინეთის, უფრო დიდი წილის დასაკავებლად მზადაა. Toyota-ს ჩინურმა პარტნიორმა GAC-Toyota-მ ოფიციალურად წარადგინა თავისი ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრო SUV – bZ3X, რომლის ფასი დაახლოებით $15,000-დან იწყება. პრეზენტაციის შემდეგ მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ საიტი რამდენიმე წუთით გაიჭედა, პირველ საათში კი 10,000-ზე მეტი შეკვეთა დაფიქსირდა. ავტომობილი ხელმისაწვდომია ორ ვერსიაში: საბაზისო მოდელი (უსმარტო ვერსია) – $15,000 ღირებულებით. ჭკვიანი მართვის მოდელით – $20,500 ღირებულებით. ასევე, ყველაზე მაღალი კომპლექტაცია "610 Max" – $22,000-ის ღირებულებით, 67.92 kWh აკუმულატორით, რომელიც უზრუნველყოფს 610 კმ მანძილის დიაპაზონს. საბაზისო მოდელის მანძილის დიაპაზონი კი 430 კმ-ია.

Toyota ხაზს უსვამს bZ3X-ის სივრცულ და კომფორტულ ინტერიერს, რომელშიც წინა და უკანა დასაკეცი სავარძლები უზრუნველყოფენ სამ მეტრამდე სივრცეს. ავტომობილი აღჭურვილია: 14.6-ინჩიანი მულტიმედიური ეკრანით ხმის ამოცნობის ფუნქციით. 8.8-ინჩიანი მძღოლის დისპლეით. ორსხივიანი, მულტიფუნქციური საჭით. ამასთან, bZ3X პირველად იყენებს Toyota-ს Momenta 5.0 ჭკვიან მართვის სისტემას.


ბატარეების მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული კომპანია გაკოტრდა

ბატარეების მწარმოებელი შვედური კომპანია Northvolt-ი, რომელიც ევროპაში ელექტრომობილების ბატარეების წარმოების ფლაგმანად მიიჩნეოდა, ფინანსური სირთულეების გამო გაკოტრდა. Northvolt-ი 2016 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანი ევროპაში ელექტრომობილების ბატარეების წარმოების ინოვაციური სისტემის შექმნა იყო. კომპანია მწვანე ტექნოლოგიებზე აკეთებდა აქცენტს და მისი ბატარეების წარმოება ძირითადად განახლებადი ენერგიით ხდებოდა. დროთა განმავლობაში, Northvolt-მა 2 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია მოიზიდა და მისი პარტნიორები გახდნენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან: Volvo, Volkswagen, BMW, და Goldman Sachs.

წარმატებული სტარტის მიუხედავად, კომპანიამ მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო, რაც ევროპაში არსებული მაღალი საწარმოო ხარჯებით, კვალიფიციური კადრების დეფიციტით და ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნით იქნა განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ Northvolt-ის გაკოტრება მხოლოდ ამ კომპანიის ინვესტორებისათვის არ წარმოადგენს ტრაგედიას, რადგან ეს კომპანია ჩინეთთან კონკურენციაში ევროპის ფლაგმანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამ დაპირისპირებაში ისევ აზიურმა დრაკონმა გაიმარჯვა.


NISSAN-ის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიის, Nissan-ის გენერალურმა დირექტორმა, მაკოტო უჩიდამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის ხელმძღვანელის ცვლილება პირდაპირ კავშირშია Nissan-ის და Honda-ს $60-მილიარდიანი გარიგების ჩაშლასთან, რომელიც იაპონური კომპანიების გაერთიანებას და ფინანსური კრიზისის დასრულებას ისახავდა მიზნად. როგორც ცნობილია, გარიგების ჩაშლის ინიციატორი სწორედ მაკოტო უჩიდა იყო, რომლისთვისაც Honda-ს ხელმძღვანელობის დამოკიდებულება და Nissan-ის მოხსენიება, როგორც „შვილობილ კომპანიად“ პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა. ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, უჩიდამ პირადი ამბიცია კომპანიის ინტერესებზე მაღლა დააყენა და ამით ისტორიული მნიშვნელობის გარიგება ჩაშალა, ამიტომ ის Nissan-ის მართვის პროცესს უნდა ჩამოშორებულიყო. უჩიდას გადადგომის შემდეგ, Nissan-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ივან ესპინოსა დაიკავებს, რომელიც აქამდე საოპერაციო დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. როგორც ცნობილია, ესპინოსას მთავარი პრიორიტეტი Nissan-ის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება და ახალი ინვესტიციის მოზიდვა იქნება, რათა იაპონურმა ბრენდმა გადარჩენა შეძლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები