მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Toyota-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს - ვინ არის კენტა კონი?

კენტა კონი

იაპონური ავტოინდუსტრიის გიგანტს, Toyota-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, CEO-ს თანამდებობას 57 წლის კენტა კონი დაიკავებს, რომელიც Toyota-ში სხვადასხვა თანამდებობას 1991 წლიდან იკავებდა. ის პოსტზე კოჯი სატოს ჩაანაცვლებს.

კონი კომპანიაში ტოჰოკუს უნივერსიტეტის დასრულებიდან მალევე შეუერთდა. პროფესიით ეკონომისტი, ბოლო 30 წლის განმავლობაში იაპონური გიგანტის ფინანსურ დეპარტამენტსა და ბუღალტრულ საკითხებს კურირებდა. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს თანამდებობაზე არჩევამდე ის სწორედ აღმასრულებელ ფინანსურ დირექტორად მუშაობდა, რა პოსტზეც 2025 წლის ივლისში დაინიშნა. ანალიტიკოსების შეფასებით, Toyota-ს მმართველმა საბჭომ არჩევანი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ეკონომისტზე გამიზნულად შეაჩერა და მისგან კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოელიან. სავარაუდოა, რომ ახალი CEO-ს არჩევასთან ერთად Toyota-ში რესტრუქტურიზაციის პროცესიც დაიწყება, რაც ხარჯების შემცირებასა და შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს.

არსებული ინფორმაციით, ახალი აღმასრულებელი დირექტორი მხოლოდ ფინანსურ საკითხებზე არ იყო კონცენტრირებული. ის აქტიურად მუშაობდა Toyota-ს პროგრამულ ტექნოლოგიებზე, რისი მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ავტომობილების თანამედროვე საჭიროებებთან მორგებას და კონკურენციის გაზრდას ისეთ კომპანიებთანაც კი, რომელთა ძირითადი უპირატესობა ბაზარზე სწორედ მანქანაში ინტეგრირებული ტექნოლოგიური მოწყობილობები თუ პროგრამებია. ის უძღვებოდა Woven-ს, Toyota-ს ტექნოლოგიურ მიმართულებას.

კონის სახელი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით Toyota-ს მიერ ინდუსტრიულ მიმართულებაზე მომუშავე კომპანია Toyota Industries-ი გამოსყიდვამ გამოკვეთა. გაჩნდა ეჭვი, რომ იაპონური გიგანტი კორპორაციულ გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალედ იღებდა, რაც ინვესტორების უკმაყოფილებითაც დადასტურდა, თუმცა აღმასრულებელ საბჭოში მიიჩნიეს, რომ კენტა კონის ხელმძღვანელობით მიღებული გადაწყვეტილება სწორი და აუცილებელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები