პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ "ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მადლობა გადაუხადა იმ გამბედაობისთვის, რაც, მისი თქმით, მინისტრმა გამოიჩინა, როცა „საკუთარ შესავალ სიტყვაში ფაქტობრივად აღიარა, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარა“.
შარაშიძემ აღნიშნა, რომ იმ საკითხებზე, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, მათ შორის ხარისხთან, ვადებთან, მონიტორინგთან და არამიზნობრივ ხარჯვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ გამბედაობისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ, როდესაც თქვენს შესავალ სიტყვაში, ფაქტობრივად, აღიარეთ და დაადასტურეთ, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარეთ. ის პრობლემები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ ხარისხი, ვადები, მონიტორინგი, არამიზნობრივი ხარჯვები სხვა არაფერია, თუ არა კორუფცია, სამსახურებრივი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა,“ - განაცხადა შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სოხაძე ინტერპელაციის ფორმატში უსმენდა დეპუტატების შეკითხვებს.
სოხაძემ, საპასუხოდ, აღნიშნა, რომ კორუფციასთან დაკავშირებულ შეფასებებს ვერ მიიღებს „ნიშნის მოგებით“ არც საკუთარ თავზე და არც მმართველ გუნდზე.
„მე ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რაც სამინისტროში არსებობს. ჩვენი ხელისუფლების სიძლიერე სწორედ ის არის, რომ არასდროს გავურბივართ პრობლემებზე საუბარს. დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფციული რისკები ქვეყანაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი,“ - განაცხადა მან.
სოხაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს არსებული სისტემური გამოწვევების აღმოსაფხვრელად და ხელისუფლება მზადაა, ამ მიმართულებით მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ნაბიჯები გადადგას.




























