ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, ევროკავშირისა და 14 ევროპული ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტებთან ერთად, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დასავლეთს ქვეყნები გმობენ “რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონს”.
"მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეებისგან უწყვეტად გამოხატული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ანადგურებს დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მათ მიერ გაცხადებულ დასავლეთში ინტეგრაციის მიზანს. როგორც ევროატლანტიკურ კანონმდებლებს, ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტის როლი მოსახლეობის ხალხის ნების ასახვაა, ქართველებმა კი მკაფიოდ უარყვეს ეს კრემლისგან შეგონებული კანონი, რომელიც შეუთავსებელია მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ე.წ. “უცხოელი აგენტების” კანონი იმეორებს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, პუტინი კი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას განაგრძობს.
პატივცემული ქართული ორგანიზაციები, როგორებიცაა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", კრიტიკულ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს კანონი ეწინააღმდეგება მათ ღირსეულ მცდელობას და პირდაპირი თავდასხმაა სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე - ნებისმიერი დემოკრატიისთვის ფუნდამენტურ ელემენტებზე. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას, ვიდრე მათი ხელმძღვანელობა და ხედვა საქართველოსთვის განასახიერებს ნამდვილ პატრიოტიზმს, განსხვავებით პარლამენტის იმ 84 წევრისაგან, რომლებმაც გუშინდელი კენჭის ყრის შემდეგ თავი რუსეთს გაუთანაბრეს.
ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს, ვინც სიმამაცით დააფიქსირეს საკუთარი თავდადება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მშვიდობიანი წინააღმდეგობით. არც თავს შევიკავებთ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვისაც წვლილი მიუძღვის რუსული სტილის კანონის გატარებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების ბრუტალურ დევნაში. მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. მივმართავთ ქართველ ხალხს და ვაცხადებთ: თქვენ მარტო არ ხართ”, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ბენ კარდინთან ერთად ხელს აწერენ ევროკავშირის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელები.